„დავით თარხან-მოურავი რა შუაშია? ელისო კილაძეს მე ვაწერინებ კომენტარებს? სიგიჟეს საზღვარი არა აქვს. ვკითხულობ თქვენს პოსტებს, ხმას არ გცემთ, ბოლოს და ბოლოს, რა გინდათ?" - აღნიშნული კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტ დარეჯან ლიპარტელიანის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
მანამდე სოციალურ ქსელში დარეჯან ლიპარტელიანმა დავით თარხან-მოურავს მიმართა: „გააჩერეთ თქვენი დაქირავებული ელისო კილაძე, თორემ ამოგიბრუნებთ დედაბუდიანად თქვენს ბნელ წარსულს და ვერ გიშველით თქვენი „პატრიოტთა ალიანსი"!
ირმა ინაშვილს დარეჯან ლიპარტელიანმა შემდეგნაირად უპასუხა:
„უკაცრავად, ირმა, მაგრამ შენ რატომ მპასუხობ, გენაცვალე, დარწმუნებული ხარ, რომ თარხან-მოურავი არ აფინანსებს ელისო კილაძეს? შენ რატომ იღებ ამდენს შენს თავზე? რა სიგიჟეებმა დაგღალა, ჩემმა სიგიჟეებმა? მაშინ რატომ არ დაიღალე, მე რომ შეურაცხყოფას მაყენებდა ელისო? უნდა დაწერო, რით დაიღალე, ჩემო კარგო... ცხოვრებაში ხმა რომ არ ამოგიღია, ეს რა, ნორმალურია? მაგრად მაინტერესებს, როდის აქეთ გახდა სამართლიანი ირმა ინაშვილისთვის შერჩევითი ობიექტურობა და სამართლიანობა?... საოცარია რაა... რამ შეგცვალათ, ხალხნო, ვის სჯობიხართ რამით?... გჭირდებოდა გვერდში დგომა და არ გედექი? თქვი აქვე, აბა, გისმენ, ოქრო...
რამე დავწერე და შენ ხმა არ ამოიღე? არაფერი დამიწერია ისეთი და არც არაფერი გითქვამს... რას აკეთებ ახლა, ირმა, პარლამენტის წევრს რომ არ ეკადრება, ისე იქცევი ზუსტად... იცავ შენს პარტიას და ჩემი ღირსება, უკაცრავად და, გკიდია?"
აღნიშნულ კომენტარზე ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ თავის მართლებას არ აპირებს.
„არ ვაპირებ არც თავის მართლებას და არც ამ თემის განვრცობას. თავად ელისო კილაძე აცხადებს, რომ მხარს სააკაშვილს უჭერს, რომელიც უკრაინაში იბრძვის. მე სააკაშვილს ვებრძოდი და ვებრძვი. ხელისუფლება ბოკერიებს გაურიგდა. რა საქმე აქვს კილაძეს ჩემთან? არაფერი. მეორე - ჩემი და კილაძის ომში არავინ ჩამირთავს. ვიომეთ და დავასრულეთ. ახლა, ვხედავ, ვიღაცას ძალიან უნდა, მის პირად ომში ჩამითრიოს, რატომ? რამდენი წელი უნდა ვწერდე, რომ არაფერი საერთო ელისოს გაზეთთან არ მაქვს? სირცხვილია. საკმარისია.
თუ შენ კილაძე შეურაცხყოფას გაყენებს, ეს მე არა ვარ. კილაძე გაყენებს შეურაცხყოფას. მე რა პასუხს მთხოვ, გაუგებარია. იცი, პატივს გცემ. ნუ დაკარგავ ამ პატივისცემას", - წერს ირმა ინაშვილი.
დარეჯან ლიპარტელიანი ირმა ინაშვილს მიმართავს, გამოვიდეს და საჯაროდ მოუწოდოს ელისო კილაძეს, რომ შეწყვიტოს ცილისწამება.
„გასაგებია და გმადლობ, მაგრამ, ელისო კილაძეს ერთხელ მაინც რომ უთხრა და მოუწოდო საჯაროდ, არ იქცევი სწორადო, ყველას რომ შეურაცხყოფ და ცილს სწამებო, რატომ არ შეიძლება? ტეხავს? არჩევნები რომ დამთავრდა და გაიმარჯვეთ, მეორე დღეს გესტუმრათ და მოგილოცათ... მიშას ფლაგმანი იქ გეჯდათ და კიდევ მე ვიქცევი არასწორად? მე რაც შემეძლო, თუ ოდესმე რამეს არასწორს დაგიწერდნენ და გაბრალებდნენ, ვალდებულად ვთვლიდი თავს, რომ გამეპროტესტებინა... რაც შენ არ გაგიკეთებია და გული მწყდება, რა..." - წერს დარეჯან ლიპარტელიანი.
ამაზე კი ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ელისო კილაძე მას არ უთანხმებს, რა თქვას და რა არა.
„ელისო კილაძე მე არ მითანხმებს, რას წერს. ამდენი უნდა იცოდე. თუ იცი და მაინც გვაბრალებ იმას, რასაც წერ, ამას ცილისწამება ჰქვია.
ვინც გაწვდის ამ დეზინფორმაციას, პირადად ვიცნობ მას. ჩემი კეთილი, მეგობრული რჩევაა,- არ გინდათ ეს სიბინძურე და ცილისწამება. არაფერი საერთო საქმიანობა ჩვენ და ქალბატონ ელისო კილაძეს არ გვაქვს. უკვე მერამდენედ გიხსნით ამას", - წერს ინაშვილი.