logo_geo
eng_logo
დოდო აფრასიძე: გიორგი ბარამიძე დასაჭერი კი არა, დასახვრეტია!
- +

18 აპრილი. 2016. 15:50


გაზეთ „პრაიმტაიმის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით შესაძლოა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე დააპატიმრონ, „კვირასთან" კომენტარს აკეთებს სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი ომეხ აფრასიძის დედა - დოდო აფრასიძე.


დოდო აფრასიძე, რომელიც შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრის გია ბარამიძის დასჯას წლებია ითხოვს, ამბობს, რომ გია ბარამიძე გამოძიებამ აუცილებლად უნდა დააპატიმროს.


დოდო აფრასიძისთვის უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება, თუმცა ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის დაიკითხა.


წლებია, ველოდებით გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას, გია ბარამიძე დასაჭერი კი არა, დასახვრეტია იმ ყველაფრის გამო, რაც მაშინ მოხდა. ევგენი ხელებაწეული გამოვიდა მაშინ სამართალდამცველების წინაშე, მაგრამ არ დაინდეს, სახლიც გადაგვიწვეს ბარბაროსულად და გაგვანადგურეს", - განუცხადა „კვირას" დოდო აფრასიძემ.


აფრასიძე ამბობს, რომ სპეცოპერაციის დროს მიღებული სტრესის შემდეგ, შმაგი აფრასიძის მეუღლე ინდირას ფსიქიკური პრობლემები შეექმნა და ის დღემდე მკურნალობს.

 

ინდირას იმ უბედურების დღეს ეგონა,რომ ბავშვიც დაიწვა. ამ ყველაფერს ვერ გაუძლო და ფსიქიკური პრობლემები გაუჩნდა, დღემდე ცუდადაა და მკურნალობს", - აცხადებს დოდო აფრასიძე.


აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით შესაძლოა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე დააპატიმრონ.


როგორც გაზეთ „პრაიმტაიმის" მიერ დღეს გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, აფრასიძეების საქმეზე გამოძიება ბოლოსკენ მიდის და ბარამიძის წინააღმდეგ კონკრეტული ჩვენებებიც არსებობს.


გამოცემის ინფორმაციითვე, ბარამიძემ საარჩევნო სიაში შესაძლოა, ბოლო ადგილზე გადაინაცვლოს და პარლამენტში ვერც მოხვდეს.


ამასთან, არ არის გამორიცხული, ბარამიძემ საქართველო დატოვოს და ოდესაში გადაინაცვლოს, თუმცა, როგორც თავად დეპუტატი ბარამიძე გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, იგი გამოძიებას არ გაურბის და აფრასიძეების საქმეში სუფთაა.


შეგახსენებთ, რომ მესტიაში, სოფელ ეწერში სპეცოპერაცია 2004 წლის 24 მარტს ჩატარდა, რომელსაც შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა. სპეცოპერაციის დროს მამა-შვილის, ევგენი და ომეხ აფრასიძეების ლიკვიდირება მოხდა. დაკავებულ ძმებს - გოჩა და შმაგი აფრასიძეებს კი 19 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. გოჩა და შმაგი აფრასიძეებს ამნისტიით სასჯელი გაუნახევრდათ, ხოლო 2013 წელს პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner