ავტორი ნინი ჩოქური
როგორ აფასებს საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს მთავრობაში, ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი „რეპორტიორს" ესაუბრა.
„შინაგან საქმეთა მინისტრად მოდის ადამიანი, რომელსაც გააჩნია პოლიტიკური მართვის არამარტო გამოცდილება, არამედ ხარისხიც. ჩვენ ეკონომისტად და ბიზნეს მენეჯერად ვიცნობთ გიორგი გახარიას. ის ძალიან საინტერესო პიროვნებაა და შესანიშნავი მმართველია. ვფიქრობ, გიორგი მღებრიშვილის უწყებაც საკმაოდ მომზადებული დახვდება, ვინაიდან გიორგი მღებრიშვილიც არის ადამიანი, რომელმაც საკმაოდ ბევრი გააკეთა სისტემისათვის.
მგონია, რომ განათლების სამინისტროში მართებული და სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მომავალში განათლების სამინისტროს საქმიანობას, სწრაფ რეფორმებს ტექნიკური განათლების პროცესის განვითარებისათვის და აგრეთვე მეცნიერების სეგმენტზე მეტი ყურადღების მიქცევაა საჭირო. აქედან გამომდინარე სწორი საკადრო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ჯეჯელავამ კარგი საფუძველი არ შეუქმნა ახალი მინისტრის აქტიურ მუშაობას.
ძალიან მართებულია ეკონომიკის და ენერგეტიკის დარგის გაერთიანება, ვინაიდან ეს არის იმ ძალისხმევის და პროექტების გაერთიანება, რაც ამ მიმართულებით არის დაგეგმილი.
სხვათაშორის, ამ ცვლილებებთან დაკავშირებით დიდი ხნის მანძილზე საუბრობდა გიორგი კვირიკაშვილი. მგონია, რომ საგარეო ურთიერთობაში ევროინტეგრაციის სტრუქტურის გაერთიანება სწორია. ვინაიდან საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება ვიცე-პრემიერის რანგი, იგი კარგი კოორდინატორი იქნება როგორც შიდა უწყებათაშორის ძალისხმევის, ასევე საგარეო ურთიერთობებთან ამ ყველაფრის დაკავშირების.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობას და გარემოს დაცვის უწყებების გაერთიანებას, ვფიქრობ, ორივე წამყვანი დარგია ჩვენი ქვეყნისათვის. გარემოს დაცვას აქვს ის მნიშვნელობა, რომელსაც ჩვენ ვუკავშირებთ ევროინტეგრაციის ხაზით აღებული ვალდებულებების რეალიზაციას.
ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ გვექნება მსჯელობა, თუ რომელ ფუნქციებს შეინარჩუნებს გარემოს დაცვის დარგი და რომელი გადაეცემა ეკონომიკის სამინისტროს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.