logo_geo
eng_logo
ჯარჯი წიკლაური: არავის, მათ შორის არც სახალხო დამცველს არ აქვს უფლება, ჩაერიოს პროკურორის საქმიანობაში
- +

15 ნოემბერი. 2017. 18:59


პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ე.წ. ციანიდის საქმეზე სახალხო დამცველის მონიტორინგის დასკვნა შეაფასა. პროკურორის თქმით, 2017 წლის 15 თებერვლიდან 2 მარტამდე პერიოდში სახალხო დამცველი შეგნებულად ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, თითქოს გამოთხოვილი ჰქონდა საქმის მასალები მთავარი პროკურატურიდან და პასუხს ვერ იღებდა. წიკლაურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ უჩა ნანუაშვილის მიმართვა საქართველოს პროკურატურაში მხოლოდ 2 მარტს შევიდა.

 

„სახალხო დამცველის ღრმა არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს მისი უსაფუძვლო კრიტიკა, რომ ბრალდების მხარემ არ ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები და არ მოიპოვა დამატებითი მტკიცებულებები, რასაც თურმე საჭიროდ მიიჩნევდნენ ადვოკატები. სახალხო დამცველს შევახსენებ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით გარანტირებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, რაც გულისხმობს დაცვის მხარის სრულ თავისუფლებას, ბრალდების მხარისგან დამოუკიდებლად ჩაატაროს ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება, ექსპერტიზა და გამოითხოვოს ინფორმაცია. გიორგი მამალაძის ინტერესებს იცავდა 6 ადვოკატი და არც ერთ მათგანს არასდროს მოუმართავს პროკურატურისთვის რომელიმე საგამოძიებო მოქმედების ან/და ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობით. აღვნიშნავ, რომ არავის, მათ შორის არც სახალხო დამცველს არ აქვს უფლება, ჩაერიოს პროკურორის საქმიანობაში და მიუთითოს მას, თუ რომელი საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს და რომელი არა.

 

უჩა ნანუაშვილმა ბრალდებულის უფლების დარღვევად შეაფასა ის ფაქტი, რომ ადვოკატებს არ მიეცათ შესაძლებლობა, მოეპოვებინათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვიდეოკამერების ჩანაწერები, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია სახალხო დამცველმა მონიტორინგის შედეგებში შეგნებულად წარმოაჩინა დამახინჯებული ფორმით, რადგან სასამართლოს მიერ ადვოკატების შუამდგომლობის არდაკმაყოფილების მიზეზი, პროცესუალური ნორმების დაუცველობასთან ერთად გახდა ის გარემოება, რომ დაცვის მხარემ შუამდგომლობას არ დაურთო მოთხოვნის დასაბუთებისთვის აუცილებელი მტკიცებულებები", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner