საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს „რეპორტიორთან" ინტერვიუში აფასებს:
- ბატონო თამაზ, რას ფიქრობთ NDI-ს კვლევის შედეგებზე?
- ერთადერთი, რეაშიც NDI-ს ვეთანხმები, არის ის, რომ ნამდვილად ამომრჩეველთა ნახევარზე მეტს გადაწყვეტილი არ აქვს, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას და ვის მისცემს ხმას. დანარჩენში, ვფიქრობ, ეს ყველაფერი გაწერილია და პროცენტებიც ზეპირად არის დასმული.
NDI-ს კვლევებში არაფერი პოზიტიური არ მინახავს. ნავარო შეცვალა შედარებით პოზიტიურმა ლორამ, სხვა არაფერი კარგისკენ იქ არ შეცვლილა. იგივე ხელწერაა და იმავე ტიპის შედეგები დგება „ნაციონალური მოძრაობის" გასათეთრებლად.
- არჩევნების თარიღთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს როგორ აფასებთ?
- არ იყო საჭირო თარიღების ასე ჩქარა გაცხადება. უკეთესი იქნებოდა, მოეწვიათ ძირითადი მოთამაშე პარტიები და კიდევ ერთხელ გაევლოთ მათთან კონსულტაციები, რომ მერე ვინმეს არ ჰქონოდა საბაბი, სიტუაცია გამოეყენებინა. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა იჩქარა.
8-ში იქნებოდა არჩევნები, 9-ში თუ 10-ში, ეს დიდად არ ცვლის საქმის არსს. 1-ში იყო წინა არჩევნები და სახელისუფლებო რესურსი მაქსიმალურად გამოიყენა წინა ხელისუფლებამ. 1 აგვისტოდან დაიწყო მაშინ საარჩევნო კამპანია და ამას ხელი არ შეუშლია ოპოზიციისთვის, რომ არჩევნები მოეგო. უფრო მეტი შეზღუდვების ქვეშ უწევდა მაშინდელ ოპოზიციას საარჩევნო კამპანიის ჩატარება, დღევანდელისგან განსხვავებით. დღეს არავინ არავის არაფერს უშლის. წაბრძანდით, ბატონებო, და სადაც ამომრჩეველი ისვენებს, შენც იქ შეხვდი მათ. ან ზღვაზე წადით, ან მთაში.
- ფლობთ თუ არა ინფორმაციას საარჩევნო სიასთან დაკავშირებით? არიან თუ არა სიაში ახალი სახეები?
- არ ვფლობ ინფორმაციას, ვინ იქნება სიაში. ინფორმაციას ისევე ვფლობ, როგორც თქვენ, კულუარებიდან თუ გავიგებ რამეს. განახლება უნდა იყოს, თუმცა, ეს უნდა იყოს არა იმ მასშტაბით, რომ შინაარსი განსაზღვროს და დავარცხნილი „ნაციონალების" ჩანერგვა არ უნდა მოხდეს.
- თავად იქნებით თუ არა სიაში?
- ვიქნები თუ არა სიაში, ეს ჩემი გადასაწყვეტიც არის. მე ყველა საშუალებით სიაში ყოფნა არ მხიბლავს. პარლამენტში მოხვედრის მრავალი გზა არსებობს, სიის გარეშეც. არანაირი სურვილი არ მაქვს, დასამადლებელი მქონდეს მანდატი, როგორც ზოგიერთებს სურთ ხოლმე წარმოაჩინონ, რომ ვიღაცამ გაგიყვანა და ა.შ. მე ჩემითაც გავსულვარ არაერთხელ, ძალიან წყნარად და მშვიდად მომიგია.
მე უნდა ვიყო პარლამენტში და ამის სურვილი მაქვს, მიუხედავად იმისა, იგივე სურვილი გააჩნია თუ არა სხვას. ჩემი მიზანი არის, რომ პრინციპები გავატარო, რომელიც სწორად მიმაჩნია. ამისთვის, ვთვლი, რომ დღესდღეობით ჩემი ყოფნა არის საჭირო. შეიძლება ამბიციური განცხადებაა, მაგრამ ამას ჩემი სინდისიდან გამომდინარე ვაკეთებ. სია არსებობს მაჟორიტარული, დამოუკიდებელი, არის კიდევ სხვა სიები. არის უამრავი არჩევანი, რომელიც ადამიანს თვითონ უნდა ჰქონდეს და უნდა განსაზღვროს ისეთი ადგილი, რომელიც მის პრინციპებს დაუმადლებლად გაატარებინებს.
- როგორ შეაფასებთ „ქართული ოცნებისა" და რესპუბლიკური პარტიის დღევანდელ ურთიერთობას?
- ეს სიტუაცია მაგონებს შემდეგს - ერთ ცხენზე როგორ უნდა დასვა ერეკლე მეორე და კოხტა ბელადი?! სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ, დანარჩენი არ ვიცი.
- დატოვებენ თუ არა „რესპუბლიკელები" უმრავლესობას?
- ვერ ვიტყვი, ცხენი ვის გადმოაგდებს.
- როგორ აფასებთ და რას უკავშირებთ ლარის კურსის გამყარებას?
- კარგად ვაფასებ. რასაც ადრე ვუკავშირებდი, ისევ იმას ვუკავშირებ ახლაც. მიმაჩნდა, რომ ის კურსი, რასაც მაშინდელი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ატარებდა, იყო პოლიტიზირებული, დამანგრეველი და ყველანაირად ხელის შემწყობი იმ ისედაც უარყოფითი ფონის, რომელიც არსებობდა მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში. ყოფილი ხელმძღვანელობა არასაკმარის ქმედებებს ახორციელებდა. ამ ყველაფრის ორკესტრირება ოდესიდან ხდებოდა.