„ნაციონალურ მოძრაობასთან" განსხვავება ის არის, რომ ჩვენ ყველა შემთხვევაში ვაღიარებთ არჩევნებს, როგორც ხელისუფლების ცვლილების ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტრუმენტს" , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, „ევროპული საქართველო" არასდროს არ აპირებს, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს.
„მონაწილეობას მივიღებთ ყველა არჩევნებში, რადგან ეს არის შესაძლებლობა, პარტიამ, თუ ამა თუ იმ კანდიდატმა, საზოგადოებას თავისი ხედვა გააცნოს, შესაბამისად, მიიღოს უკუგება და შექმნას დღის წესრიგი.
ეს არის არა ერთი ადამიანის პარტია, არამედ - ჯანსაღი გაგებით, ბევრი ამბიციური ადამიანის გაერთიანება. ესაა ღირებულებითი ერთობა ბევრი დამოუკიდებელი, ძლიერი, თუ გნებავთ, თავზეხელაღებული ადამიანისა. ჩვენი პარტია უფრო ლიბერალურია, უფრო პრინციპებზე დაყრდნობილი, „ნაციონალური მოძრაობა კი - უფრო რადიკალიზაციისკენ მიდის", - განაცხადა უგულავამ.