პარლამენტის ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ გადაცემა „პოლიტმეტრში" განაცხადა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში კურსის დიდად გართულების მოლოდინი არ აქვს.
„როდესაც ცვლილება ფუნდამენტალური ფაქტორით არ არის გამოწვეული, მაშინ ჩარევა გადაყრილი ფულია, მაგრამ ეს მოლოდინები ფაქტობრივად ფუნდამენტალურ ფაქტორად ჩამოყალიბდა სხვადასხვა მიზეზების გამო. მოდით, ისიც ვთქვათ, რომ მოლოდინების ჩამოყალიბებაში არც ოპოზიციას აქვს ნაკლები წვლილი საერთო პანიკის ატეხვაში. სამწუხაროდ, ეგენიც ზომაზე მეტად მონაწილეობენ. აქეთ ცოტა ცოდვები, რა თქმა უნდა, ჩვენს მხარესაც არის. ჩამოყალიბდა ის ვითარება, როდესაც საზოგადოების მხრიდან ნდობა და მოლოდინები არ არის სახარბიელო.
ეროვნულ ბანკს, საბედნიეროდ, რეზერვების პრობლემა ნამდვილად არ აქვს და მან შეიძლება განახორციელოს ინტერვენცია იმ გაგებით, რომ ეს აჟიოტაჟი მოისპოს, თუმცა კანონიერი და კლასიკური ფორმა ჩარევის, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ არის, როდესაც ფუნდამენტალური ფაქტორებია. მაგალითად, როდესაც შენი ექსპორტი რაღაცის გამო შემცირდა.
მოკლევადიან პერსპექტივაში კურსის დიდად გართულების მოლოდინიც არ მაქვს, რადგან როგორც ითქვა, გართულებებს მოკლევადიან პერსპექტივაში იწვევს ფუნდამენტალურ ფაქტორებში რადიკალური ცვლილება. რადგანაც ამას ადგილი არ გვაქვს და განვითარების ტემპი ასე თუ ისე სტაბილურად მიმდინარეობს. პირიქით პროგრესი გვაქვს ექსპორტში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ არ გვაქვს იმ რაოდენობის ზრდა, რომ ყველა ეს პრობლემა ერთგვარად მოგვარდეს", - განაცხადა რომან კაკულიამ.