logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: გრიგოლ რობაქიძე და სტეფან ცვაიგი - ერთი ფოტოს კვალდაკვალ...
- +

16 ნოემბერი. 2017. 14:16



აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


 

„გრიგოლ რობაქიძე და სტეფან ცვაიგი (ერთი ფოტოს კვალდაკვალ).

 

ეს ფოტო გადაღებულია 1928 წელს, ლევ ტოლსტოის საიუბილეო დღეებში (დაიბეჭდა ჟურნალ „ოგონიოკში", N26, 1929), მაშინ, როცა ლიტერატურულ წრეებში გრიგოლ რობაქიძე უკვე მოდური მწერალია. ის აღაფრთოვანებს გერმანელებსაც და ამ ენის უბადლო მცოდნეთ... მათ შორის, გამოჩენილ ავსტრიელ მწერალს - სტეფან ცვაიგს.

 

1928 წელს გრიგოლ რობაქიძე „გველის პერანგის" გერმანულ ენაზე გამოსაცემად გერმანიაში მიემგზავრება. პირადად არ იცნობს ცვაიგს, რომელმაც მისი წიგნის წინასიტყვაობა უნდა დაწეროს, მაგრამ ხშირი მიმოწერა აქვს მასთან.

 

გერმანიაში რვა თვეს დარჩა და რომანის დასტამბვის შემდეგ, ისე დაბრუნდა სამშობლოში, რომ მწერლები არ შეხვედრიან ერთმანეთს...

 

მალე, 1928 წლის სექტემბერში, მოსკოვში, ლევ ტოლსტოის დაბადების 100 წლისთავის საიუბილეო დღეები უნდა გამართულიყო. გრიგოლ რობაქიძესაც სურდა დასწრება. უნდოდა ნახვა იქ მოწვეული რომენ როლანისა და სტეფან ცვაიგის. განსაკუთრებით, უკანასკნელის, მაგრამ დაესწრებოდნენ კი ისინი ზეიმს?

 

აგვისტოს ბოლოს გაგზავნილ წერილში რობაქიძეს ამ კითხვით მიუმართავს ზალცბურგში მყოფი ცვაიგისთვის.

 

6 სექტემბერს მოსულა პასუხიც: „დაესწრება!".

 

10 სექტემბერი... მოსკოვი...

 

ბალტიის სადგურზე ორი მწერალი ერთმანეთს ხვდება. აი, რას წერს გრიგოლ რობაქიძე ამ შეხვედრის შესახებ მოგონებაში - „ტოლსტოის დღეები":

,,...მატარებლით მოვიდა სტეფან ცვაიგ... ფოტოგრაფები არ ზოგავენ აპარატებს. რეპორტიორები თავს ესხმიან. შევხვდი. ძალიან გაეხარდა. ერთი-მეორე არ გვენახა არაოდეს, თუმც, თითქმის ორი წელია მუდმივი მიმოწერა გვაქვს გამართული.

მომახარა:

- თქვენი რომანი („გველის პერანგი") ამ დღეებში გამოვა. წინასიტყვაობა წამოსვლის წინ დავწერე. ვჩქარობდი: მოწვევის ბარათი გვიან მივიღე...

ბევრი ვიბაასეთ. ვეკითხები:

- რად არ მოვიდა რომენ როლან?

- ავად არის, თორემ უთუოდ დაესწრებოდა ზეიმს..."

 

დიდ თეატრში, საიუბილეო საღამოზე, პრეზიდიუმში გრიგოლ რობაქიძე და სტეფან ცვაიგი ერთად მსხდარან. ქართველი მწერალი თავად უთარგმნიდა მას გამომსვლელთა სიტყვებს... შემდეგ, მოსკოვის ქუჩებშიც ერთად უსეირნიათ.

 

ცვაიგს მოსწონებია წითელ მოედანზე „ვასილ ბლაჟენნის" ეკლესია. რობაქიძეს უთქვამს:

„- წამოდით საქართველოში და კათედრალებს ისეთს გაჩვენებთ, რომ... ხომ დამპირდით გერმანიაში?

- ჩემი მოსვლა რუსეთში არ არის უკანასკნელი, უთუოდ მოვალ კიდევ... მაშინ, აქედან საქართველოსაც ვეწვევი... უთუოდ!.. ოჰ, ლეგენდარული „სამხედრო გზა" საქართველოსი!

ცვაიგი რომანტიკაში გადავიდა..." - იგონებს გრ. რობაქიძე.

 

შემდგომი დღეებიც თითქმის ერთად გაატარეს. სადილობდნენ მოსკოვის „გრანდ ოტელში" ტიციან ტაბიძესთან და ბორის პილნიაკთან ერთად... იასნაია პოლიანაშიც ერთად გაემგზავრნენ მატარებლით. გზად, ტულის სადგურის სასადილოში, „ფოტოგრაფებმა ჭამაც არ გვაცალეს"-ო.

 

იასნაია პოლიანადან წერილი გაუგზავნიათ რომენ როლანისთვის. ცვაიგს ღია ბარათი დაუწერია და გრიგოლისთვისაც უთხოვნია ხელისმოწერა... წერდნენ: „თქვენი არყოფნა დიდად აკლია აქაურობასო".

 

ამავე წელს რობაქიძემ თბილისის კონსერვატორიის დარბაზში, ქართველი ინტელიგენციის წინაშე „წარმოთქვა" ლექცია სათაურით - „რვა თვე გერმანიაში".

 

სიტყვის დროს დამსწრე საზოგადოებისათვის უცნობებია, რომ გერმანულად თარგმნა „გველის პერანგი", რომელსაც ახლო მომავალში, იენაში გამოსცემდნენ სტეფან ცვაიგის წინასიტყვაობით.

 

„...მოხსენების შეწყვეტის დროს, მახსოვს, იოსებ გრიშაშვილი ძლიერ ჭირვეულობდა, რატომ არ თარგმნა ალექსანდრე ყაზბეგის რომანები და თარგმნა თავისი „გველის პერანგი?"-ო. მაგრამ ეს საყვედური სახალხოდ არ გამოუთქვამს, მხოლოდ, თავის ახლო მეგობრებთან ამბობდა... მეორე დღეს კი თბილისის ყველა გაზეთი წერდა: „მე და ცვაიგ, მე და ცვაიგ...", გრიგოლ რობაქიძემ ნახევარი მოხსენება ამას მოანდომაო!", - იგონებს გრიგოლის ნათესავი ალექსანდრე ფანჩულიძე.

(რა ნიშანდობლივია... რ.შ.)

 

მართლაც, 1928 წელს იენაში გამოდის „გველის პერანგი", რომლის წინასიტყვაობაში ნათქვამია: „პოეზიაში ნამდვილი ეგზოტიკის მოცემა შეუძლია მხოლოდ ღვიძლ შვილს თავის ხალხისას, მასში სულით ფესვებგამდგარს... ქართველთა უძველესი ერი, რომელსაც თავისი ლაშქრობების დროს ალექსანდრე მაკედონელიც შეხვედრია, ცხოვრობს ჩვენი დედამიწის უმშვენიერეს კუთხეში, განთქმულში თავის სიმღერებით და ლეგენდებით... თუ რა მდიდარია საქართველო მითიური ძალებით, თავის ჰეროიკული გონით და ამავე დროს, თანამედროვეობისაკენ სწრაფვით, ეს პირველად ახალგაზრდა მწერლის ამ წიგნიდან გავიგე, რითაც მან თავის სამშობლოს და ამით ჩვენც, დიდი სამსახური გაგვიწია, ვინაიდან, ჩვენს თვალწინ, მწერლის გამომსახველობითი უნარის წყალობით, იშლება ჩვენი ცნობისმოყვარეობისათვის სრულიად ახალი და უჩვეულოდ მიმზიდველი სულიერი წრის ზონა...

 

როგორი ცეცხლოვანება მოედინება ამ აღწერიდან: ზოგიერთი გვერდების ამოჭრა გსურს და სტროფებად დაყოფა, როგორც ლექსებისა. არის კიდეც ისინი ლექსები... ზოგიერთი თავი გსურს წაიკითხოს ზღაპრების მთხრობელმა... ყოველ ფურცელს გააჩნია ცეცხლოვანი, ბალადური მომენტები, სრულიად უცხო სახის სიმშვენიერისა... და მიუხედავად იმისა, რომ გრძნობას მკაფიოდ არ შეუძლია გაარჩიოს, სინამდვილეში ვის უნდა უმადლოდეს ამ დამაბრუებელ სურნელებას - მწერალ რობაქიძეს, თუ თვით საქართველოს - მაინც სიამოვნებით ხდები ტყვე ამ ახლისა. მე გამიფართოვა ამ ნაწარმოებმა ჩვენი მსოფლხედვა, ეგზოტურობის ჰორიზონტი გამაბედნიერებელი ხერხით გამიშუქა და ჯერ კიდევ, უცხო სახით, ეპიკური პოეზია შესაგრძნობი გახდა ჩემთვის მას შემდეგ, რაც მე წავიკითხე ეს წიგნი"... - წერს სტეფან ცვაიგი.

 

მწერლები ერთმანეთს აღარ შეხვედრიან. სამ წელიწადში გრიგოლ რობაქიძე გაექცა კომუნისტურ რეჟიმს და გერმანიაში დასახლდა. საბჭოთა საქართველოში აკრძალეს მისი სახელის ხსენებაც კი.

 

იგივე ბედი ერგო სტეფან ცვაიგს ავსტრიაში. „დიდი ევროპელი", როგორც მას ებრაული წარმომავლობის გამო უწოდებდნენ, გაექცა ფაშისტებს, რომლებიც სახალხოდ წვავდნენ მის წიგნებს.

 

ცვაიგმა ჯერ ინგლისში, შემდეგ ბრაზილიაში დაიდო ბინა, სადაც 1942 წელს ტრაგიკულად დაამთავრა სიცოცხლე.

 

სიცოცხლე არ მოუსწრაფია გრიგოლ რობაქიძეს, თორემ რომ უსურვია, თან, არაერთხელ, ამას თავად ამბობს აკაკი პაპავასადმი გაგზავნილ წერილებში:

 

„...გამოგიტყდებით, რამოდენიმეჯერ მალი სიკვდილი ვისურვე ჩემთვის, შევცოდე წინაშე უფლისა...", - წერდა უმძიმეს სულიერ და მატერიალურ მდგომარეობაში მყოფი მწერალი 1950 წელს.

 

ეს ის დროა, როცა იგი „ჰიტლერიანელობის" ბრალდებით ლტოლვილია გერმანიიდანაც და ცხოვრობს ჟენევაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბევრი ქვეყანა თავს იკავებდა მისი მიღებისგან. საბოლოოდ, ხარიტონ შავიშვილის დიდი მონდომებით, „ინტელექტუალური ლტოლვილის" სტატუსით შეიფარა შვეიცარიამ.

 

„ჰიტლერიანელობის" ბრალდება საბედისწერო აღმოჩნდა გრიგოლ რობაქიძისთვის არა მარტო პიროვნულად, არამედ, როგორც მწერლისთვისაც.

 

მართალია, ნოსტალგია გერმანიაშიც არ ასვენებდა, მაგრამ იქ, პოპულარობის ზენიტში მყოფს, აღიარებდა ევროპის მაღალი ინტელექტუალური საზოგადოება, ცნობილი გამომცემლობები ზედიზედ ბეჭდავდნენ მის ნაწარმოებებს, ლიტერატურათმცოდნეები, მწერლები, პოეტები, კრიტიკოსები რეცენზიებსა და სტატიებს უძღვნიდნენ მას. შვედმა ლიტერატურათმცოდნეებმა „ჩაკლული სული" მსოფლიოს სამ საუკეთესო წიგნს შორის დაასახელეს, რომ აღარაფერი ვთქვათ „ბროკჰაუზის" ცნობილ ენციკლოპედიაში მისი სახელის შეტანაზე.

 

ახლა უკვე გამომცემლები აღარ ინტერესდებოდნენ მისით. პოპულარობას ჩვეული მწერლისთვის ეს, გარდა მორალურისა, ფინანსური დარტყმაც იყო - ის ხომ მხოლოდ მწირი სოციალური დახმარებით ირჩენდა თავს.

 

თუმცა, თვითონ სიცოცხლის ბოლომდე ამტკიცებდა, რომ ამ ყველაფრის მიზეზი - წიგნები მუსოლინსა და ჰიტლერზე, მხოლოდ მსოფლიო პიროვნებების მეტაფიზიკური დახასიათება იყო და არა მათდამი თანაგრძნობა.

 

მაგრამ, ვისაც როგორ სურდა, ისე სჯეროდა.

 

17 წლის მანძილზე თითქმის შეუმჩნევლად იცხოვრა ჟენევაში და იქვე, მარტოობაში გარდაიცვალა 1962 წელს.

 

თუმცა, მწერლის სიკვდილის შემდეგ, მისი პირადი არქივის დასაპატრონებლად დატრიალებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ყველას შესანიშნავად სცოდნია რობაქიძის ლიტერატურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა.

 

გრიგოლ რობაქიძემ მოგვცა სტეფან ცვაიგის პიროვნული დახასიათება:

 

„სტეფან ცვაიგი 47 წლისაა და 37 წლისად გეჩვენებათ. თმაში თეთრს ვერ მოუძებნით. ტანით: საშუალოზე მაღალი, მსუბუქი, ნაზი. ხელები ქალის ხელებს უგავს. შავგვრემანი. თვალებში: ხალისი (შორიდან მოჩანს სევდა). პირველი შეხედვით მწერალს, პოეტს არ ჰგავს. ჩვეული ევროპიელი - ზრდილი, თავაზიანი (მეტად), ჩაცმულობა კარგი (თვალში არ გეცემა). სუფთა, დაკვირვებული. პირველი შეხედვით კიდეც გაგიჭირდებათ: ეს კაცი წერს ამ ნოველებს და ამ მონოგრაფიებს?! მაგრამ ეს „გარეგანი ხედვაა". შიგადაშიგ ცვაიგს სახე ეცვლება. ხანდახან, გაკვრით, ჩნდება სულიერი დაძაბულობა. ეს მალულად ხდება: ასე ვთქვათ, „განზე". უნდა „შეისწრო". მხოლოდ, მაშინ ხედავ მისი სახის ნამდვილ მეტყველებას".

 

რა დასანანია, რომ მწერლების შეხვედრის დროს, ცვაიგს უკვე დაწერილი ჰქონდა „გველის პერანგის" წინასიტყვაობა, თორემ, სხვა შემთხვევაში, ალბათ, ისიც დაახასიათებდა რობაქიძეს. რა საინტერესო იქნებოდა ცვაიგის თვალით დანახული ქართველი მწერალი...

 

სამაგიეროდ, რობაქიძის დახასიათება ეკუთვნის ბერძენ მწერალს, ნობელის პრემიის ლაურეატობის კანდიდატს - ნიკოლოზ კაზანცაკიზს:

 

„გრიგოლ რობაქიძე წარმოდგენილი მყავს ვით უძლიერესი სულიერი პიროვნება საქართველოსი: იგი დაახლოებით ორმოცი წლისაა, ყოველთვის ლამაზად ჩაცმული. ყურადღებას იპყრობს თავისი ფიცხელი მოძრაობით და მის თვალთა ცივი მზერით, მხოლოდ, ფართო, თავდაჭერილი სიცილი, რომლის დროს მისი მშვენიერი კბილები მოსჩანან, გვიმხელს მის ვნებიანობას. გრძნობ, ხარ იმ ადამიანის წინაშე, რომელიც თავის წმინდა გამტაცებელ ტემპერამენტს აშკარა მტკიცე ნებით იპყრობს... უძრავად ვით სვეტი დგას იგი შუაში. მას აქვს ნაღვლიანი თვალები და დამუწული ბაგენი... მე მიყვარდა ეს მარტოხელა კაცი და მესმოდა მისი სიჩუმე..."









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner