გაზეთ ,,პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ცნობილი ხდება იმ ახალი სახეების ვინაობა, რომელთა „ნაციონალების" საარჩევნო სიაში ჩასმაც ოდესის გუბერნატორმა მოისურვა.
„ერთ-ერთი ინფორმაციით, საარჩევნო სიის შედგენის ფორმულა საბჭოზე კი არა, ოდესაში შეთანხმდა. ამ მისიით „ნაციონალური მოძრაობიდან" სააკაშვილთან კაკო ბობოხიძე გაემგზავრა. ცნობილია, რომ სააკაშვილმა ათეულში ახალი სახეების ჩასმა მოითხოვა. პარტიას დათანხმება მოუწია, თუმცა, მათ საკუთარი შეხედულება ჰქონდათ მეორე და მესამე ათეულების დაკომპლექტებისა. ითქვა, რომ ყოველი მეორე ან მესამე ძველი სახე შეირჩეს იმის მიხედვით, ვინ უფრო გავლენიანია და რამდენად ბევრი ხმის მოტანა შეუძლია პარტიისთვის.
სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარტიაში შეთანხება შედგა, თუმცა, დეტალები ჯერ არ კონკრეტდება. ცნობილი გახდა მხოლოდ იმ ახალი სახეების ვინაობა, რომელთა ნაციონალების საარჩევნო სიაში ჩასმაც ოდესის გუბერნატორმა მოისურვა. მათ შორის იყვნენ: ლადო გურგენიძე - ყოფილი პრემიერი, ეკა ტყეშელაშვილი - ყოფილი ვიცე-პრემიერი, გეგა მგალობლიშვილი - ყოფილი პრემიერი, არჩილ კონცელიძე „ვი თი ბი ბანკის" პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე - ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი.
ერთ-ერთი ინფორმაციით, მათ ნაციონალებს საარჩევნო სიაში ჩასმაზე უარი უთხრეს. ჩვენ მხოლოდ ერთ-ერთ მათგანთან შევძელით დაკავშირება, რომელმაც პირად საუბარში დაადასტურა, რომ არ სურს პოლიტიკაში ჩართვა და სიაზეც უარი თქვა. ზოგიერთებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. „ნაციონალურ მოძრაობაში" ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა, ადასტურებენ, რომ სიებზე მუშაობა უკვე დაწყებულია, პრინციპი - შეთანხმებული.
პირველ ათეულში ახალი სახეები იქნებიან, მეორე ათეულში - რეგიონალური ლიდერები, ანუ ისინი, ვისაც ადგილებზე გავლენები სერიოზული აქვთ და პარტიას სოლიდურ ხმებს მიუტანენ. ამ მიმართულებით ადგილებზე პრაიმერებიც გაიმართება.
მესამე ათეულში შეიძლება ერთი-ორი ძველი სახეც გამოჩნდეს. თუმცა, ჯერ არაფერია ცნობილი. ამბობენ, რომ ოდესის გუბერნატორი სიის მაქსიმალურად განახლებას ითხოვს. ასე რომ, უცნობია, როგორ განაწილდებიან ძველი სახეები. კულისებში ითქვა, რომ ამ თემაზე ძველ „გვარდიას" ახალ სახეებთან სერიოზული კონფლიქტიც მოუვიდა. გამსვლელ ადგილებს ვერ დაიკავებენ დავით კირკიტაძე და ირმა ნადირაშვილი. ამ თემაზე პარტიაში სერიოზული დაპირისპირებაც ყოფილა. ნაციონალები ამ თემებზე კომენტარს არ აკეთებენ, ითქვა მხოლოდ, რომ სია მაისში მზად იქნება", - წერს გამოცემა.