logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: ძალიან სერიოზული ამბავია
- +

16 ნოემბერი. 2017. 20:39



გიორგი ბარათელის განთავისუფლების შესახებ, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლებამ გურამ შარაძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 27 წელი მიუსაჯა, რუსუდან შარაძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა:


,,გიორგი ბარათელი გამოდის ციხიდან. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ მიხარია?! ვწუხვარ, რომ აქამდე, მეტი ვერაფერი გავაკეთე, მაგრამ ვპირდები მასაც და მთელ საქართველოს, რომ მხოლოდ, ტყვია გამაჩერებს. არადა, დრო ითხოვეს. ჯანდაბას, მომიგდია სულ ცოტა ხანიც. მერე სად წამიხვალ, კოლმეურნობის თავმჯდომარევ, სად?! იმედი მაქვს, არ გგონია, რომ ყავლი გასდის, რის გამოქვეყნებასაც გიპირებ, შენ პიტალო კლდევ!"


„ალია" დეტალების დასაზუსტებლად რუსუდან შარაძეს დაუკავშირდა: თვითონ ფაქტი, რომ გიორგი ბარათელი გათავისუფლდება, ძალიან მახარებს, თუმცა რა ჯოჯოხეთი გამოიარა მან ათ წელიწადნახევრის მანძილზე, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ამ უბედურ წლებს მას ვერავინ აუნაზღაურებს, მაგრამ უნდა მოხდეს მისი რეაბილიტაცია ადამიანურად, ის საბოლოოდ უნდა გამართლდეს, რისთვისაც ამდენი ხანია, ვიბრძვი. 2016 წელს სამჯერ ვიყავი ციხეში  შესული, პირადად ვნახე გიორგი და ხაზგასმით მინდა ვთქვა - ამისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი კახა კახიშვილს და ირაკლი შოთაძეს, რომ ეს შეხვედრები, როგორც იქნა, მოეწყო. ამდენი წელი ვერაფრით მოვახერხე ციხეში შესვლა, არ მიშვებდნენ და ამ ადამიანების დამსახურებით როგორც იქნა, შარშან ეს მოხერხდა.

 

- თქვენს facebook-პოსტში წერთ: „მერე სად წამიხვალ, კოლმეურნეობის თავმჯდომარევ?" ვის მიმართავთ და რის გამოქვეყნებას უპირებთ მას? ეს ძალიან საინტერესო მომენტია და იქნებ, დააკონკრეტოთ?


- ნამდვილად ძალიან საინტერესო და სერიოზული ამბავია, მეც ძალიან მინდა, თქვენ გითხრათ რას ვგულისხმობ, ხალხს საქმის ვითარება გავაცნო, თუმცა ამ მომენტისთვის ვერაფრით ვერ გავაკეთებ ამას, რადგან მამაჩემის, გურამ შარაძის მკვლელობის საქმე აქტიურ ძიებაშია და არ მინდა ჯერ ამაზე საუბარი. ისე კი, საქართველოში ბევრი „კოლმეურნეობის თავმჯდომარეა", ასე რომ ვინც საჭიროა, ის თავად მიხვდება ვის ვგულისხმობ.


- ანუ გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში მნიშვნელოვანი ახალი გარემოებებია?


- რასაკვირველია, გამოძიება მიდის რაღაც ლოგიკურ წერტილამდე. სააკაშვილის პერიოდში ამ საქმეს წესიერად ვინ გამოიძიებდა? პირიქით, ყველაფერი აურ-დაურიეს მაშინ, მაგრამ 2014 წლის ზაფხულიდან საქმე არის ხელახალ ძიებაში დაბრუნებული, მას მერე ამდენი ხანი გავიდა და რაღაც წერტილამდე ხომ უნდა მივიდნენ? ძალიან მიჭირს, როცა გახსნილად ვერ ვსაუბრობ, მაგრამ ახლა ასეა საჭირო, რომ საქმე არ დავაზიანო ჩემი სულსწრაფობით. ამდენი ხანი მიცდია და ცოტასაც დავიცდი, თუ ეს დაცდა საქმეს სასიკეთოდ წაადგება.


- მესმის, რომ თქვენი ნათქვამით არ გინდათ, გამოძიების პროცესს ხელი შეუშალოთ, თუმცა რა შინაარსის მასალების გამოქვეყნებაზე გაქვთ საუბარი, ეს მაინც თუ შეგიძლიათ მითხრათ?

 

- ანუ მონდომების შემთხვევაში, მე შემიძლია დავამტკიცო, ვინ შეუშლის გამოძიების საქმეს ხელს.


- ეს ხელისშემშლელი ადამიანები დღევანდელ ხელისუფლებაში არიან, თუ წინა ხელისუფლების, ანუ «ნაციონალური მოძრაობის» წევრებს გულისხმობთ?


- ასე კონკრეტულად რომ გითხრათ ახლა, მაშინ გასაგები იქნება, რომელი „კოლმეურნეობაა", მე კი უბრალოდ ახლა არ მინდა ვიჩქარო, ამან შეიძლება გამოძიებას ხელი შეუშალოს... ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლებაში ერთმნიშვნელოვნად ყველა მიშლის ხელს და ამ საქმის გამოძიებას ეწინააღმდეგება. დღეს არ არის სააკაშვილის მონოლითური ხელისუფლება, პოლიტიკური სპექტრი აქ ძალიან ჭრელია, ნაცებიც არიან ხელისუფლებაში, მამალი ნაცებიც... კი ხედავთ, რა ხალხი ზის პარლამენტში და როგორ იბრაგუნებენ გულზე ხელს. ხელისუფლების ამ სიჭრელის გამო, ვერ ვიტყვი, რომ გინდა თუ არა, მთელი «ოცნება» ჩემს წინააღმდეგ არის. რაც მთავარია, პროკურატურაზე ვერაფერს ცუდს ვერ ვიტყვი, ეს უწყება არის ჩემი ერთადერთი იმედი, რომ საქმეს ობიექტურად გამოიძიებენ და ხალხიც მალე გაიგებს სიმართლეს.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner