პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა გაზეთ „მთელ კვირასთან" რესპუბლიკური პარტიის წევრ დავით ბერძენიშვილის მიერ გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უმჯობესია, ბერძენიშვილმა საკუთარ შეცდომებზე გაამახვილოს ყურადღება.
„ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ პოლიტიკურ ქილიკს ავყვე, თუმცა დავით ბერძენიშვილს ვურჩევ, ყურადღება საკუთარ შეცდომებზე გაამახვილოს. ბერძენიშვილს რომ ჩემი ტერმინები არ მოსწონს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე არასწორ შეფასებებს ვაკეთებ. ეს უფრო მეტად იმაზე მიანიშნებს, რომ უბრალოდ რესპუბლიკურ პარტიას იმ მომენტში ჩემი შეფასებები არ აწყობდა. ამიტომაც ამ თემით სპეკულირება დაიწყეს. დავით ბერძენიშვილს რა ვუპასუხო, არ ვიცი, იმიტომ, რომ მე და თინა ხიდაშეილს არაჩვეულებრივი ურთერთობა გვაქვს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარესა და მინისტრს, საქმიანი ურთიერთობა გვაქვს და ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობთ. ამიტომ მას თუ რაიმე სათქმელი აქვს, ბერძენიშვილის მითითებები არ სჭირდება", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.