მსახიობი განო მელითაური ქმრის, კოტე თოლორდავას გარდაცვალების შემდეგ მათი შვილების რეაქციებს გაზეთ „პრაიმტაიმთან" იხსენებს.
„სანამ კოტეს ჩამოასვენებდნენ, ტასოს ჩემი მეგობრის სახლში მე და გუკამ (კოტეს უფროსი ბიჭი პირველი ქორწინებიდან) ერთად ვუთხარით სიმართლე. ტასომ გონება დაკარგა, 2 საათი გათიშული იყო. თარაშს რამდენიმე კვირაში შევაპარეთ. თავი ჰქონდა დაბანილი, აბაზანიდან გამოვიდა და მეუბნება, ნახე, თმა დავიბანე, წამო, მამას ვაჩვენოთო. მაშინ ვუთხარი, რომ მამა არასდროს მოვიდოდა, რომ ის ღმერთმა წაიყვანა, მაგრამ ის გხედავს შენ, შენს თმასაც და ყველაფერს, რასაც შენ აკეთებ-მეთქი. იყო პერიოდები, როცა თარაში ხატებს ეჩხუბებოდა, რატომ წაიყვანეთ ჩემი მამიკო, რატომ, მე ხომ მენატრებაო. თავიდან ვცდილობდი, ბავშვებისთვის არ მეჩვენებინა ჩემი ყოველდღიური მდგომარეობა. მერე, როცა ამ თემას ტაბუ აღარ ედო, როცა მეტირებოდა, ვტიროდი, ზოგჯერ ერთად ვტიროდით. ახლა, ერთად გავდივართ ამ ეტაპს. როცა თარაში მაინც ამჩნევს, რომ განწყობა მეცვლება, მოდის და მეუბნება, მუხლებზე დამადე თავი, მე დაგიცავ, მამიკო ზემოდან გიყურებს და ჭკუას მასწავლისო. ზუსტად კოტეს თვისებები აქვს. ეს ისე მაძლიერებს...
მთელი ცხოვრება გამოცდაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ცხოვრების სულ პატარა ეტაპი გავიარე, მგონია, რომ დიდი გამოცდა მომიწყო ცხოვრებამ. ხვალ შეიძლება, მეც აღარ ვიყო. დღეს სიკვდილს სხვანაირად ვუყურებ. სამი წლის ვიყავი, და რომ დამეღუპა, ბევრი საყვარელი ადამიანი დავკარგე. ტყუილად არაფერი ხდება, ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო. ცხოვრება გრძელდება და ყოველი დღე ახალი იქნება. არ მაქვს უფლება, განცდებში ჩავეფლო. აღარ არსებობს განო, რომელიც კოტესთან ერთად არსებობდა. ამ დღის მერე ახალი განო დაიბადა ჩემში. ყველა ის პირობა უნდა შევასრულო, რაც კოტეს დავპირდი. მე ვიმსახურებ ბედნიერებას. ჩემი შვილები იმსახურებენ ბედნიერებას", - აღნიშნავს განო მელითაური.