ამერიკული ავიაციის საჰაერო იერიშის შედეგად ლიბიაში ორი სერბი მძევალი დაიღუპა. ისინი "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა 2015 წლის ნოემბერში გაიტაცეს. სერბეთის საელჩოს განცხადებით, ორივე გარდაცვლილი დიპლომატიური მისიის თანამშრომელი იყო. ისინი ქალაქ საბრატაში გაიტაცეს. 19 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ლიბიის ქალაქ საბრატაში ისლამისტთა ბანაკი დაბომბა. როგორც პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, ავიადარტყმის სამიზნე "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები იყვნენ. დასავლური მედიის ინფორმაციით, საჰაერო იერიშს ტერორისტული ორგანიზაციის 30 წევრი ემსხვერპლა.