გამოცემა matadornetwork.com-ის ცნობით, მსოფლიოს ხუთ ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართული მე-3 ადგილზეა. გამოცემა ქართული დამწერლობის შესახებ მკითხველს საინტერესო ინფორმაციას აწვდის და ერთგვარ პოლიტიკურ შეფასებასაც აკეთებს.
დამწერლობის წარმოშობიდან, ანუ ქრისტეშობამდე დაახლოებით 2000 წლიდან დღემდე, უამრავი დამწერლობა განვითარდა და განადგურდა.
გასული 2500 წლის განმავლობაში, ლათინური ანბანი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მოახერხა, გზიდან ჩამოეცილებინა არაერთი სადამწერლობო სისტემა, რომელთა შორისაც, ერთ დროს, რომაული დომინირებდა. თუმცა, ორ მილიარდ ადამიანზე მეტი კვლავ სხვა დამწერლობას იყენებს, რომელთაგანაც რამდენიმე ნამდვილად შთამბეჭდავ ხელნაწერ მშვენებას წარმოადგენს.
წარმოგიდგენთ მსოფლიოს 5 ესთეტიკურად ყველაზე მიმზიდველ დამწერლობას:
1. ბირმანული (მიანმარი) - ბირმანული ანბანი მრგვალი ფორმებისაგან შედგება, რომლებიც აუცილებლად საათის ისრის მიმართულებით უნდა მოიხაზოს. მის მომაჯადოებელ ხელწერებს უფრო პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდათ, ვიდრე ესთეტიკური: ძველად, წერილები პალმის ფოთოლზე იწერებოდა, რომელიც ადვილად იხვეოდა.მართალია, ბირმანული ამ ჩამონათვალში არსებულ სხვა დამწერლობებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებადაა გადაშენების პირას, მაგრამ მის გამოყენებას უფრო და უფრო ანაცვლებს ჰინდი. მიანმარმა, რომელსაც აქამდე აკრძალული ჰქონდა საგარეო ტურიზმი, ახლახან გახსნა საზღვრები სტუმრებისათვის და ის იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებშიც ვერსად ნახავთ „კოკა-კოლას" ბილბორდებს.
2. ცეილონური (შრი-ლანკა) - ცეილონური მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ანბანად ითვლება. მას 50-ზე მეტი ფონემა გააჩნია, თუმცა, თანამედროვე მწერლობაში მხოლოდ 38 გამოიყენება. იგი დღესაც ისწავლება ბუდისტურ მონასტრებსა და სკოლებში. ის შრი-ლანკას 21-მილიონიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტის მშობლიური ენაა. გეოგრაფიული მდებარეობა ცეილონურს დიდ საფრთხეს უქმნის, თუმცა, მიუხედავად მისი გამოყენებადობის შემცირებისა, იგი სავარაუდოდ, კიდევ საკმაოდ დიდხანს გაძლებს.
3. ქართული (საქართველო) - თურქეთსა და რუსეთს შორის, მცირე ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს საკუთარი ენა და დამწერლობა აქვს, რომელთაც რუსეთის მიერ გაბატონება ემუქრებათ. უკანასკნელ საუკუნეში რუსეთის პოლიტიკამ საქართველოს თავდაპირველი ტერიტორიის ნახევარზე მეტის ანექსია მოახდინა. უფრო მეტიც, მუდმივი ზეწოლა მისი ტერიტორიების მისათვისებლად გამოიწვევს იმას, რომ თანდათან უფრო და უფრო ნაკლები კავკასიელი ისაუბრებს ქართულ ენაზე. რუსეთის მიერ საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების დაპატრონების სურვილი ადგილობრივი კულტურის დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ქართული ანბანი მეტად დახვეწილია, იგი არაბულსაც წააგავს. მისი ბავშვური სიმარტივე მომრგვალებულ ფორმებში აისახება.
4. ტაგალური (ფილიპინები) - ტაგალური, რომელიც ინდოევროპული დამწერლობებიდან მომდინარეობს, ფილიპინებში ესპანელების ჩამოსვლამდე დომინირებდა. კოლონიზაციამ იგი თანდათანობით შეცვალა. თუ ადრე ის ქვემოდან ზემოთ მიმართული იწერებოდა, შემდგომ უკვე მარცხნიდან მარჯვნივ დაიწყეს წერა და ასოები 90 გრადუსით ამოატრიალეს. შემდგომ კი, ფილიპინების ოფიციალურ დამწერლობად ესპანური გამოცხადდა, რამაც, შეიძლება ითქვას, სასიკვდილო დარტყმა მიაყენა ტაგალურს.
ტაგალური ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა, ისიც მალე გაიზიარებს იმ 120 ადგილობრივი დიალექტის ბედს, რომელიც თანდათან სრულად მიივიწყა ქვეყნის მოსახლეობამ.
5. ჰანაკარაკა (ინდონეზია) - ჰანაკარაკა თავდაპირველად, ინდონეზიის კუნძულ იავაზე ჩამოყალიბდა. შემდგომ იგი მეზობლად არსებულ კუნძულებზე გავრცელდა. ბეჭდური მედიის პოპულარიზაციასთან ერთად, ხელისუფლებამ მრავალჯერ სცადა ანბანის სტანდარტიზაცია მე-19 და მე-20 საუკუნეებში. თუმცა, ამ მცდელობებს ხელი იაპონიის ოკუპაციამ შეუშალა მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ჰანაკარაკას გამოყენება აიკრძალა.