14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულებისთვის სრულიად ახალი ტიპის, სპეციალური დაწესებულება აშენდება. ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ტელეკომპანია კავკასიაში, გადაცემაში „სპექტრი" განაცხადა.
კახა კახიშვილის განცხადებით დაწესებულების პროექტი უკვე არსებობს და შესაბამისად მშენებლობაც უახლოეს მომავალში დაიწყება:
„ყველა მსჯავრდებული ვინც 14-დან 21 წლამდე ასაკის იქნება აღნიშნულ დაწესებულებაში განთავსდება. ასაკის მიხედვით დიფერენცირება თავად დაწესებულებაშიც მოხდება. 18-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებს დაბალი ასაკის მსჯავრდებულებთან შეხება არ ექნებათ, ისინი სხვადასხვა ფლიგელში განთავსდებიან, თუმცა მიდგომა იქნება ერთი - დაწესებულებაში იმოქმედებს სკოლა, პროფესიული სასწავლებელი, უცხო ენების კურსები და ა.შ. მათ მიეცემათ საშუალება დაწესებულებიდან ნორმალური განათლებით გამოვიდნენ" - განაცხადა კახა კახიშვილმა.
გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, სრულიად ახალი ტიპის დაწესებულების შექმნა იგეგმება, სადაც დაბალი რისკის მსჯავრდებულები განთავსდებიან, რომლებსაც სასჯელის ამოწურვამდე 6 თვე ექნებათ დარჩენილი. აღნიშნული დაწესებულება მსჯავრდებულებს თავისუფლებისთვის მოამზადებს და თავად დაწესებულების სახელწოდებაც სწორედ ასეთი იქნება - გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი დაწესებულება.
„მსჯავრდებულებს, რომლებსაც დაბალი რიკსი დაუდგინდებათ და სასჯელის ამოწურვამდე 6 თვე ექნებათ დარჩენილი, ახალი ტიპის დაწესებულებაში მოთავსდებიან. იმუშავებს საამქრო და მათ კონკრეტული ხელობის დაუფლების შესაძლებლობა ექნებათ. გარდა ამისა, დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები გარეთ დასაქმდების შემთხვევაში შეძლებენ დაწესებულების ყოველდღიურად დატოვებას და სამსახურში მისვლას, დღის ბოლოს კი უკან დაბრუნდებიან. ამით მათ საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრირების საშუალება მიეცემათ" - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.