საერთაშორისო კინოფესტივალებზე მოგზაურობის შემდეგ, ცნობილი ქართველი რეჟისორის - გიორგი ოვაშვილის ახალი ნამუშევარი „ხიბულა" საქართველოს კინოთეატრებში გამოდის.
ამასთან დაკავშირებით, 20 ნოემბერს 13:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში" პრესკონფერენცია მოეწყობა, ფილმის დახურული ჩვენება კი 21 ნოემბერს 20:00 საათზე ამავე კინოთეატრში გაიმართება. სპეციალურად ამ მოვლენისთვის საქართველოში მთავარი როლის შემსრულებელი - ჰოსეინ მაჰჯუბი ჩამოდის, რომელიც ფილმის ჩვენებას და პრესკონფერენციას დაესწრება.
„ხიბულა" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის კოპროდუქციაა. ფილმის სცენარს საფუძვლად უდევს 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანაში განვითარებული რეალური მოვლენები. სიუჟეტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელ დღეებს მიჰყვება და პრეზიდენტს, მხარდამჭერებთან და მოწინააღმდეგეებთან ერთად, დასასრულისკენ მიაცილებს.
„ხიბულას" მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში შედგა, ეროვნული პრემიერა კი ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.
„ხიბულა" საქართველოს კინოთეატრებში 23 ნოემბრიდან გამოვა.