„განათლების სამინისტროს და ზოგადად, გარედან ვინმეს მიერ შემოთავაზებული რეფორმა მიუღებელია. როგორი სახის თვითმმართველობა სურს უნივერსიტეტს, ეს სტუდენტობამ უნდა გადაწყვიტოს", - ამის შესახებ, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, შალვა საბაურმა გადაცემა 2030-ში ისაუბრა.
"უნივერსიტეტში რომ გარე ძალების ქირურგიულ ჩარევას ითხოვენ, ეს ავტონომიის შეურაცხყოფაა. პრემიერის სტუდენტებთან პირდაპირი კომუნიკაცია მისაღებია. თუმცა, ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ რომელიმე სტუდენტური გაერთიანება მახინჯი ფორმით არსებობს, მხარედ ყალიბდება. არ ვიცი, პრემიერი დააკმაყოფილებს თუ არა თვითმმართველობის გაუქმების ოდიოზურ მოთხოვნას, მაგრამ საინტერესოა, თუ არ დააკმაყოფილებს, სტუდენტური ჯგუფები შემდეგ ეტაპზე ვის მიმართავენ?! გარდა ამისა, თვითგამოცხადებული ორგანიზაციების ფეხის ბაკუნზე კანონების 1-2 დღეში ცვლა არასწორია" - განაცხადა შალვა საბაურმა.
"აუდიტორია 115"-ის წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ კი განაცხადა, რომ თვითმმართველობის მხარეს არ ცნობს, მათი დრო წავიდა და ახლა სხვა სტრუქტურები იქმნება.
"როცა ადამიანები წესების და კანონის შეცვლას ითხოვენ, ამით ავტონომიურობა არ ირღვევა. ავტონომიურობა იმას არ ნიშნავს, რომ დამნაშავეებს, უნიჭოებს და ხარისხის არმქონე ადამიანებს, რომლებიც პროფესორის ხარისხს თუ სხვა სტატუსს არ იმსახურებენ, ავტონომია მივცეთ. ეს იმას ნიშნავს, გიჟი შესაბამისი დაწესებულებიდან გამოუშვა. უნივერსიტეტის საქმიანობაში ჩარევა ისაა, როცა 2006 წელს, სააკაშვილის ხელისუფლებამ ერთი ხელმოწერით ყველა სტრუქტურა გააუქმა, უნივერსიტეტში პოლიცია შეუშვა და პროფესორები აუდიტორიაში ჩაკეტა" - განაცხადა ლორთქიფანიძემ.