„საქართველოს ნაკრებმა მძიმე დღე მოუწყო უელსელ მორაგბეებს და დაამტკიცა, რომ 6 ერის გაფართოვებულ შემადგენლობაში თამაშზე ღირსეულად აცხადებენ პრეტენზიას" - აღნიშნავს უელსური გამოცემის სპორტული მიმომხილველი.
გამოცემა Wales Online საკუთარი ქვეყნის ნაკრების თამაშით უკმაყოფილოა. „უელსი კოჭლობდა საქართველოს წინააღმდეგ თამაშში, რომლის მდგომარეობა შეხვედრის ყოველ წუთზე უარესდებოდა."
„სანახაობამ უელსის გულშემატკივრებს იმედი გაუცრუა, და საშინელ სანახაობად გადაიქცა. თამაშის ბოლოსკენ საქართველოს ნაკრებს დიდი შანსი ჰქონდა შეხვედრა ფრედ დაემთავრებინა" , - წერს Wales Online.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები კარდიფის „მილენიუმის" სტადიონზე ამხანაგურ მატჩში უელსის ნაკრებთან 6 : 13 დამარცხდა. უელსელებმა პირველ ტაიმში 10 ქულა ერთი ჯარიმისა და ერთი გარდასახული ლელოს მეშვეობით მოაგროვეს. საქართველოს ნაკრებმა კი ჯარიმის გატანა მოახერხა.
მეორე ნახევარში გუნდებმა თითო ჯარიმის გატანა მოახერხეს. მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, მატჩის მიწურულს კი ქართველი მორაგბეები, ძირითადად, მეტოქის მოედანზე იყვნენ.
უელსის ნაკრები ევროპის 6 ერის ტურნირის მონაწილეა და ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებს.