logo_geo
eng_logo
თბილისის საქალაქო სასამართლომ მუქარაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა
- +

20 ნოემბერი. 2017. 12:08



თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და „ტაბულა მედიას" თანამშრომლების მიმართ მუქარაში ბრალდებულ გ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ  2017 წლის 17 ნოემბერს დაახლოებით 13:15 საათზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი გ.მ. მივიდა ქ.თბილისში,  სამოქალაქო განათლების ფონდ „ტაბულა მედიას" ოფისში, სადაც „ტაბულა მედიას" თანამშრომლებს - ხ.ღ-ს, თ.ნ-ს, ა.ა-ს, ა.გ-ს და შ.ტ-ს, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა. აღნიშნულ პირებს  მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ.

 

სამართალდამცველებმა გ.მ. იმავე დღეს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა.

 

სასამართლომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას საფუძვლად დაუდო ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეების არსებობა.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner