logo_geo
eng_logo
24 საათის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ... ბოლოს ხეზე ჩამოკიდეს და ისე დაცხრილეს - ჩვენი დროის გმირი იური ანუა
- +

18 აპრილი. 2016. 23:58

მაშინ დაიბადა, როდესაც კომუნისტური ათეიზმის ზეობას უამრავი ადამიანი და სალოცავი ეწირებოდა -1934 წლის 6 აგვისტოს, ქალაქ ოჩამჩირეში, მორწმუნე და ღვთისმოშიში მშობლების ოჯახში. მიუხედავად ქრისტიანთა დევნისა, მათ ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში მონათლეს ვაჟი და სიყრმიდანვე ღვთისა და ხატების სიყვარული ჩაუნერგეს.

 

სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, მოსკოვის სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტიც წარმატებით დაასრულა. სამი საერთაშორისო პროექტის ავტორი გულში მუდამ ატარებდა უფლის სიყვარულსა და სასოებას. კომანში სააგარაკო მიწის შეძენის მერე შეიტყო იქაური სიწმინდეების შემდეგ -კომანში გარდაიცვალა წმინდა იოანე ოქროპირი და სწორედ კომანში ინახებოდა მისი სარკოფაგი, რომელშიც ბიზანტიაში გადასვენებამდე იყო დაბრძანებული მისი სხეული; კომანში აღმოაჩინეს მესამედ წმინდა იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი; კომანში აწამეს და კომანშივე დაკრძალეს წმინდა ვასილისკო. აქვეა წყარო, რომელმაც ამ მოწამის ლოცვით ამოხეთქა, როდესაც იგი, ბორკილებდადებული და პაპანაქება მზეში ხეზე მიბმული, უფალს ევედრებოდა. ეს წყარო თავისი სასწაულმოქმედებით გამოირჩეოდა და იზიდავდა მორწმუნეებს. მაგრამ ათეიზმი მძვინვარებდა და კომანში მისულ იურის იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარი -დანგრეული, სარკოფაგი -სოხუმში გადატანილი, წყარო კი დაჭაობებული დახვდა. წმინდა ვასილისკოს საფლავის ადგილი კი ერთ-ერთი მოსახლისათვის მიეცათ სამოსახლოდ.

 

კადრები 1992 წელს, ომის მიმდინარეობისას გადაღებული ვიდეოჩანაწერიდან:

 

იურის სიყრმიდანვე ჩაუნერგეს სიწმინდეების სიყვარული და კრძალვა. ამიტომაც კომანში გამეფებულ უპატივცემულობას ვერ შეეგუა და დაიწყო აღმშენებლობა, რომელიც ხელისუფლებასთან გამუდმებული ბრძოლის ფონზე მიმდინარეობდა. იური, ოჯახთან ერთად, ფაქტობრივად, კომანში გადასახლდა და 1975 წელს საკუთარი სახსრებით დაიწყო წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძრის აღდგენა, რომელშიც რევოლუციამდე მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი და მნიშვნელოვანი დედათა მონასტერი იყო -აქ 1500 მონაზონი მკაცრი ტიპიკონის მიხედვით მოღვაწეობდა. იურიმ არა მარტო აღადგინა ტაძარი, არამედ მას უმთავრესი სიწმინდე -წმინდა იოანე ოქროპირის სარკოფაგიც დაუბრუნა. როდესაც განახლებულ და გამშვენიერებულ ტაძარში ილია მეორემ სადღესასწაულო წირვა აღავლინა, იურის წმინდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენი გადასცა ჯილდოდ.

 

მაგრამ ბატონი იური ჯილდოსათვის არ შრომობდა -მის მართალ სულს არ შეეძლო უქმობა, როდესაც ირგვლივ ამდენი რამ იყო გასაკეთებელი. იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნის ადგილამდე მისვლა მორწმუნეებს ძალიან უჭირდათ, ამიტომაც მან საკუთარი ხელით გააკეთა 1500 საფეხურიანი კიბე. და, ასვლისას დასვენება რომ შეძლებოდათ, ყოველი 100 საფეხურის შემდეგ რკინის სკამებიც გამართა.

შეიტყო, რომ წმინდა ვასილისკოს საფლავთან მისვლას მლოცველებს მიწის მეპატრონე უშლიდა, ამიტომაც მთლიანად შეისყიდა მეპატრონისგან მისი სახლიცა და ბაღიც, რომ მორწმუნეებს შეძლებოდათ სიწმინდეების თაყვანისცემა.

 

წმინდა ვასილისკოს ლოცვით ამოხეთქილ წყაროს რომ მიაკითხა, ქვეწარმავლებით სავსე უზარმაზარი ჭაობი დახვდა წინ -იმისათვის, რომ უფლის არსებობის ეს ხილული მაგალითი დაემალათ მორწმუნეთაგან, ათეიზმის მქადაგებლებმა აქ თევზსაშენის მოწყობა გადაწყვიტეს და უზარმაზარი რეზერვუარიც ამოთხარეს. მაგრამ, როცა წყალი გაუშვეს მის ასავსებად, წყალმა აუზის ნაცვლად მოსახლეობის ოჯახებში ამოხეთქა. ვერაფრის შეცვლა რომ ვეღარ შეძლეს, ყველაფერი მიატოვეს და წავიდნენ. დროთა განმავლობაში ის აუზი დაჭაობდა და ქვეწარმავლებით აივსო. იურიმ გადაწყვიტა, იქაურობა კვლავ მიწით ამოევსო. უამრავი მანქანა მიწა დასჭირდა ჩანაფიქრის განსახოციელებლად. თან ხელისუფლებაც მკვეთრად უპირისპირდებოდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ეს ყველაფერი ტელევიზიითაც გადასცეს. მაგრამ მან მაინც გადალახა ყველა დაბრკოლება, აუზი მიწით ამოავსო და მოედანი განამშვენა. ასე რომ, კვლავ დაიბრუნა თავისი დიდებულება წყარომ.

 

მაგრამ იური ამით არ დაკმაყოფილებულა. მის ცოლ-შვილს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვდებოდათ მისი გაკეთებული სიკეთე -უჩუმრად გაღებული და გაკეთებული. რამდენი ტაძრის აღდგენასა და გამშვენებაში მიიღო მონაწილეობა, ვინ მოთვლის,… რამდენ გაჭირვებულს დაეხმარა...

 

მერე კი აფხაზეთის ომიც დაიწყო. თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ კომანს არ მიატოვებდა. მხოლოდ გულით გამოითხოვდა მოძღვარს, რომ მას ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა. და ღმერთმაც მამა ანდრია მოუვლინა, ყურაშვილი. ერთი ვიდეოზეა წამიერ გაელვებად შემონახული, ერთად როგორ მიაბიჯებენ მამა ანდრია და იური. ასე ერთადვე გაიარეს გოლგოთა და შეუერთდნენ უფლის დასს.

 

მაშინ, კომანში, სოფელი რომ დაეცა, მამა ანდრიამ უკანასკნელად ჩაიბარა აღსარება ტაძარში შეკრებილი მრევლისგან და უკანასკნელად აზიარა ისინი, იური კი იპოდიაკვნის სტიქარით შემოსა. მერე ეკლესიის ეზოში შემოიჭრა მტერი. გარს შემოერტყნენ ტაძარს, ითხოვდნენ, კარი გაგვიღეთო. და იურიმაც (იპოდიაკვანმა გიორგიმ), მოძღვრის კურთხევით გააღო. მოძალადეებმა ხელი სტაცეს და გარეთ გაათრიეს. ამის დანახვამ განსაკუთრებით გაამწარა მომხვდური და ღალატი დასწამეს იურის: ვინ ხარ ეროვნებით? აფხაზიო -უპასუხა. მერე, თუ აფხაზი ხარ, ქართველებთან რა გინდაო? მე ვიცი, ვინ იყვნენ ჭეშმარიტი აფხაზები და ვის ეკუთვნის ეს მიწაო -ამაყად დაუბრუნა პასუხი. მერე დაჩოქება მოსთხოვეს -"არავითარ შემთხვევაში!" -გაისმა მისი ხმა.

 

წმინდა ვასილისკოს წყაროსთან აიყვანეს -24 საათის განმავლობაში საშინელი სისასტიკით აწამებდნენ, სცემდნენ, მრავალგზის დაჭრეს ფეხებში, ბოლოს კი ხეზე ჩამოკიდეს და ისე დაცხრილეს. ამ ამბის შემსწრე ერთ-ერთი რუსი რეზიდენტი, ტყვედ ჩავარდნის შემდეგ, დაკითხვისას ამბობდა -მთელი ომის განმავლობაში ამაზე ბარბაროსული და სასტიკი არაფერი მინახავსო. ამ დროს, თვითონვე ყვებოდნენ, ვინ იყო ეს კაცი და რამდენი რამ ჰქონდა გაკეთებული და აშენებულიო.

 

მისმა ოჯახმა სწორედ ამ რეზიდენტისგან შეიტყო იური ანუას მოწამებრივი აღსასრულის შესახებ. მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, ცოლ-შვილმა არაფერი იცოდა ოჯახის უფროსის ბედსა და ადგილ-სამყოფელზე.

 

 

სხვებისგან გაიგეს ისიც, რომ კომანში, ეკლესიის გალავანთან, მამა ანდრიას საფლავის გვერდზე დაუსაფლავებიათ. ასე რომ, სიკვდილის შემდეგაც კომანში დარჩა -კვლავ მის უხილავ მეოხად და პატრონად.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner