logo_geo
eng_logo
„მე ვამტკიცებ ერთადერთს, რომ...“ - რუსუდან შარაძე საზოგადოებას მიმართავს!
- +

21 ნოემბერი. 2017. 02:34



აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ბევრი რამ დაიბეჭდა და ამ დღეებში, კიდევ დაიბეჭდება. ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ბოლო ამბებს. 16 ნოემბერს რომ დავიწყე, აქამდე არ გავჩერებულვარ. მადლობელი ვარ ყველა ჟურნალისტის, რომელმაც გულითადი ინტერესი გამოხატა.

წავიკითხე უამრავი გამოხმაურება. ბედნიერი ვარ, რომ ხალხის უმრავლესობას სჯერა ჩემი. მიყვარხართ და მეიმედებით, თქვენ ხართ ჩემი ძალა და დასაყდენი.

სექტას არასდროს ვაქცევდი ყურადღებას, მათ აღარაფერი ეშველებათ... მხოლოდ, გულშემეტკივრების, ვინც გიორგი ბარათელს აგინებს, გასაგონად, კიდევ ერთხელ, მინდა ჩამოვაყალიბო აზრი. ბოდიში, რომ სათითაოდ, ვერ ჩამოგიარეთ.

შესაძლოა, ვიღაცას მობეზრდა კიდეც, მაგრამ უნდა გამიძლოთ, სანამ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან.

მე გიორგი ბარათელს არ ვიცავ. არ ვამბობ, რომ ის ანგელოზია. ანგელოზი არავინაა, არც მე და არც თქვენ, არცერთი.

მე ვამტკიცებ ერთადერთს - გიორგი ბარათელს გურამ შარაძე არ მოუკლავს!

- 2007 წლის 20 მაისიდან (მამაჩემის მკვლელობის დღიდან), ნოემბრამდე (ერთ-ერთ სასამართლო პროცესამდე), იყენებდა დუმილის უფლებას ;

- 2007 წლის ნოემბერში „აღიარა", რომ მან მოკლა გურამ შარაძე ;

- 2012 წლის ოქტომბრის თვეში, ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ბარათელი ამბობდა, რომ მას ადრე ზეწოლის შედეგად მიაცემინეს ჩვენება და გურამ შარაძე არ მოუკლავს. ითხოვდა შველას საზოგადოებისგან. რაც მთავარია, ითხოვდა დაკითხვას პროკურატურის მიერ და საქმის დაშლას (შეკრებითი სასჯელი ჰქონდა);

- ამ განცხადებებიდან ძალიან მალე, 2012 წლის ნოემბრში, ბარათელს ციხეში მოუწყვეს პროვოკაცია და კიდევ 2 წელი დაუმატეს ;

- 2014 წლიდან ბარათელი დაუბრუნდა პირველ ჩვენებას, რომ მან მოკლა მამაჩემი;

- ამის შემდგომ, ის ხან პრეზიდენტს სთხოვდა შეწყალებას, ხან ე.წ. უდოს ელოდა, მაგრამ მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

2016 წელს პირადად მითხრა (პროკურორიც ესწრებოდა), რომ ეს იგნორი მისთვის არის ტესტი - უნდა თუ არა ამ ხელისფლებას გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიება და ღირს თუ არა, მისი მხრიდან, რისკზე წასვლა. ასევე პროკურორის თანდასწრებით და იქამდე, პირად საუბრებში, მოყვა თავისი ვერსია და თქვა: მე მეშინია, მომიტანეთ ერთი მტკიცებულება, რომ რასაც ვამბობ, მართალია და მოგცემთ ოფიციალურ ჩვენებას.

ყველა მეკითხება - შეხვდებიო? - რატომ არ შევხვდები? ჩვენ, ერთმანეთში, აქამდე რაც იყო, ყველაფერი გარკვეული გვაქვს (არ გამოვრიცხავ, რომ რამე ბოლომდე არ გაამხილა, მაგრამ დღეს, ამას სულ არ ვანიჭებ მნიშვნელობას). დამპირდა, რომ ჩვენებას მისცემს მტკიცებულების შემთხვევაში. აქამდე მე ეს ვერ მოვასწარი, რა მაქვს მასთან გასაყოფი?!

თანაგრძნობას რაც შეეხება - როგორ შეიძლება არ მებრალებოდეს ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, მითუმეტეს, რომ კეთილგანწყობის მეტი არაფერი გვქონია ერთმანეთთან, რომელიც ჩემს ოჯახს შეეწირა?! არავინ თქვას, რომ რახან ცოცხალია, განადგურებული არაა. არც ის თქვას ვინმემ, რომ სულ საყვარელი და ანგელოზი ნაცნობ-მეგობრებ-ნათესავები გყავთ...

როგორ მოვთხოვო გმირობა კაცს, რომელიც ყოველ დღე, სიკვდილს ელის და არ იცის, საიდან წამოვა ეს სიკვდილი? მასზე უკეთესი ვაჟკაცები და ქალბატონები არიან ისინი, ვისაც საკუთარი თვალით ჰყავს ნანახი ბარათელისგან სრულიად განსხვავებული გარეგნობის მკვლელები და დღემდე, პროკურატურაში ფეხი ვერ მივადგმევინე ჩვენების მისაცემად?

დააყენეთ საკუთარი თავი ბარათელის ადგილზე, ბევრი გაუძლებდით?

ასე რომ, უმორჩილესად გთხოვთ, ნუ განსჯით და ასევე უმორჩილესად გთხოვთ, ნურც კეთილშობილებას დაინახავთ იმაში, რაც ჩვეულებრივი ამბავია.

ასეა ყველაფერი, რაც დავწერე. შესაძლოა, დავაკელი, თორემ არ გადამიჭარბებია", - წერს რუსუდან შარაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner