logo_geo
eng_logo
„აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანაზე სასამართლო გადაწყვეტილებას ხუთ დღეში მიიღებს“
- +

21 ნოემბერი. 2017. 10:14



ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე იმ საკანონმდებლო ცვლილებას განმარტავს, რომელიც ოჯახის წევრის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს უფლებას აძლევს, მოქალაქე დამოკიდებულ პირთა სიაში შეიყვანოს. ეს კი მას აზარტულ თამაშებში მონაწილეობას შეუზღუდავს. ამის შესახებ კილაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" ისაუბრა.

 

„ამიტომ, მათი ოჯახის წევრებს სასამართლოსთვის მიმართვის საშუალება უნდა მიეცეთ. ამას საერთაშორისო პრაქტიკაც ითვალისწინებს. იმისთვის, რომ მოთამაშემ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ოჯახი არ დაღუპოს, ასეთი შემთხვევებისთვის საქალაქო სასამართლოს ხუთდღიანი, ასევე სააპელაციო სასამართლოსაც ხუთდღიანი ვადა აქვს მიცემული. ეს ორი ინსტანცია ჩამკეტი იქნება, ამაზე მაღლა საქმე ვერ წავა", - განაცხადა სოფო კილაძემ.


ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარმოდგენილი ინიციატივა დამოკიდებულ პირთა ე.წ. შავი სიის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. მასში მოხვედრა მოქალაქეს საკუთარი სურვილით შეეძლება. ოჯახის წევრებს კი მიმართვა სასამართლოსთვის მოუწევთ იმის დასამტკიცებლად, რომ მათი ნათესავი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულია. ამ შემთხვევაში მოქალაქეს ნებისმიერ სათამაშო ობიექტზე, მათ შორის ონლაინ-სამორინეებში თამაში სამი წლით აეკრძალება.


თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ სიაში მოხვედრის შემთხვევაშიც, ისინი თამაშს სხვა პირების მონაცემების გამოყენებით შეძლებენ.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner