21 (8) ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს.
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელის, რაფაელის, ურიელის, სელაფიელის, ეგუდიელის, ვარახიელისა და იერომიელის კრების დღესასწაულის აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა.
ლაოდიკიის კრებამ დაგმო და უარყო ანგელოზებისადმი ღვთაებრივი პატივის მიგება და დაამტკიცა მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა. დღესასწაული აღინიშნება მარტიდან (საიდანაც ძველად წელიწადის ათვლას იწყებდნენ) მეცხრე თვეს - ნოემბერში, რაც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება.
ანგელოზთა დასი სამ იერარქიად იყოფა. ყველაზე მაღლა მდგომი ანგელოზები არიან სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. საშუალო იერარქიას შეადგენენ: უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი. უმდაბლესი იერარქია მოიცავს სამ დასს: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.
მთავარანგელოზნი უფლის ნებას გვაუწყებენ. გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს. ანგელოზნი ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან. ისინი ღვთის განგებულებას გვამცნობენ. არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან შეგვეწიონ.
ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი, რომელმაც გამოდევნა სასუფევლიდან სატანა და მისი მიმდევრები. გვიცავს ბოროტი სულებისა და ბოროტი ადამიანებისაგან. მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცდუნებათა დროს.