logo_geo
eng_logo
„ახალი კულტურული ხიდი“ ელადასა და საქართველოს შორის
- +

21 ნოემბერი. 2017. 16:00



25 ნოემბერს 17 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება ცნობილი ბერძენი მოქანდაკის გელა კესიდის ხელოვნების ამსახველი წიგნი-ალბომის პრეზენტაცია.


ალბომი ასოციაცია „კულტურათა დიალოგი XXI" პრეზიდენტის ვალერი ასათიანის თაოსნობით გამოიცა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის გიორგი ჯანბერიძის ავტორობით. დახვეწილი დიზაინით შექმნილი მაღალპოლიგრაფიული გამოცემა თანმიმდევრულად გაგვაცნობს კესიდის შემოქმედებას, წამძღვარებული აქვს პროფესორ ვალერი ასათიანის შესავალი და ცნობილი არტ-კრიტიკოსის დავით ანდრიაძის ანალიტიკური წერილი. 


წიგნი გამოიცა დავით ბეჟუაშვილის „განათლების ფონდის" მხარდაჭერით.


გელა კესიდი საქართველოში დაიბადა, აქ მიიღო განათლება, დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან კი საცხოვრებლად სალონიკში გადავიდა.


საგულისხმოა, რომ წელს ივნისში, თავის პირველ სამშობლოს - საქართველოს მიმართ სიყვარულის და მადლიერების ნიშნად, ბერძენმა მოქანდაკემ საკუთარი ქმნილება „განსხეულებული პოეზია - საფო" საჩუქრად უძღვნა თბილისს და მისი სკულპტურა ისტორიული მწერალთა სასახლის ბაღს ამშვენებს.


გელა კესიდის ქანდაკება ნატიფია, მისი ესთეტიკა სილამაზესა და მშვენიერების განცდაზეა აგებული, მისი პლასტიკა უმეტესად მოძრაობაშია გადაწყვეტილი, დინამიური და ექსპრესიულია. ბერძნული არქაული და ნეოარქაული ქანდაკების მოტივები გაჯერებულია ქართული ქანდაკების ტრადიციებით, რომელიც ჰარმონიაშია თანამედროვე ქანდაკების მოდერნისტულ მიმართულებებთან.


საქართველოში დაბადებულ სახელოვან ბერძენთაგან გელა კესიდი ღირსეულად წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოში ელადას და საქართველოს, თავისი მოღვაწეობით „ახალი კულტურული ხიდია" ელადასა და საქართველოს შორის, რაც თავისი სიღრმით სცდება ლოკალურ საზღვრებს და გაცილებით მეტი მასშტაბის მქონე მოვლენის მნიშვნელობას იძენს, რაც წიგნი-ალბომის გამოცემის მთავარი არსია.


 

 

 

 








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner