logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ნუ გეშინიათ, „ბრატცი“, სტალინი მოკვდა!
- +

21 ნოემბერი. 2017. 18:03



ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის განცხადებას ეხმაურება, რომელიც საქართველოსთვის სტალინის ნეშტის გადაცემის ინიციატივით გამოვიდა.


„საქართველოში ახალი თემა „ცხელდება", ტემპერატურა ნელ-ნელა იწევს. ჩეჩნეთის პრეზიდენტს რამზან კადიროვს უბრძანებია, სტალინის ნეშტი ქართველებს გადავცეთ, რათა რუსეთმა მისი სულისგან დაისვენოსო. კადიროვს არავინ ეკითხება, მაგრამ მაინც გამოთქვა თავისი აზრი, ანუ თემა გაააქტიურა. ამას მოჰყვა დიდი გარჩევები ჩვენშიც, დაისვა საკითხი, უნდა დაიდგას (აღდგეს) თუ არა სტალინის ძეგლი გორში? აქ ერთმანეთს ეჯახება ორი საზოგადოებრივი აზრი: ერთნი ამბობენ, რომ იოსებ ბესარიონოვიჩი მტერი იყო და საერთოდ უნდა გავაქროთ, მხოლოდ მკვლევარებს დავუტოვოთ თეორიულადო, მეორენი ამტკიცებენ - ტურისტული თვალსაზრისით მომგებიანი იქნება, უნდა აღვადგინოთო. პირველ ვერსიას ნიკოლოზ რურუა ახმოვანებს „ნაციონალურად", მეორე ვერსიას ცოტა ისეთი, ხალხოსნურად მოაზროვნეები აწვებიან.

 

ტელევიზორში ერთი ტიპიც გამოიყვანეს, ჟურნალისტი ყოფილა (გვარს არ დავასახელებ), რომელმაც „გენიოსური" წინადადება გააგორა: ისაო, მეო, ძალიან ბევრი სტუმარი ჩამომდის უცხოეთიდან, ყველა მთხოვს, სტალინის ძეგლი გვაჩვენეო, მიმყავს ნაგავსაყრელზე, ვაჩვენებ და აღფრთოვანებას ვერ მალავენო. მე მგონიო, ნაგავსაყრელზე პირქვე დაგდებული ძეგლის ნახვა უფრო სიამოვნებთ ტურისტებსო. ღმერთო, შენ დაიფარე ეს ქვეყანა ასეთი მოაზროვნეებისგან. ჯერ ერთი, ასეთი საქციელით ჩვენს ქაჯობას ვამტკიცებთ და შეიძლება ამან მართლაც გამოიწვიოს გაოცება უცხოელების თვალში და მეორეც - ჩემო „მეგობარო" ე.წ. ჟურნალისტო, როცა სტუმრები ჩამოგივლენ საზღვარგარეთიდან, ღორივით ჩაწექი ტლაპოში, ვინ იცის, შეიძლება გაოცდნენ და მოეწონოთ კიდევაც!

 

მე პირადად, მომხრე ვარ, რომ გორში უკეთესად მოეწყოს სტალინის სახლ-მუზეუმი, იქ გადაიტანონ ძეგლიც და საერთოდ, შეიქმნას ინფრასტრუქტურა ტურისტებისთვის. დარწმუნებული ვარ, რიგები დადგება და შემოსავალიც გაიზრდება. ვინც დღეს ამტკიცებს, რომ „იოსება პაპას" გამოყენება უაზრობაა და ის საერთოდ უნდა გავაქროთ, თავად არის უაზრო ავანტიურისტი, რათა ქვეყანამ ხეირი არ ნახოს. რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, სტალინს ვერ გავაქრობთ, თავი დავანებოთ მის ცხოვრებას, რომელიც უამრავი საიდუმლოებითაა მოცული, კაცმა მოიგო მეორე მსოფლიო ომი, დაამარცხა ადოლფ ჰიტლერი, რომელიც ლამის მთელ მსოფლიოს მოაჯდა თავზე და დაიპყრო. ვერ გავაქრობთ ფაშიზმის ისტორიას, ვერ გავაქრობთ სოციალიზმის ისტორიას!

 

რურუა და მისი მიმდევრები ამტკიცებენ, რომ პუტინი და ვიღაცები არიან სტალინის იდეების გამგრძელებლები და ეს იდეოლოგია გახლავთ ძალიან საშიში. კი მაგრამ, რა შუაშია სახლ-მუზეუმი, რომელიც უნდა შევთავაზოთ ტურისტებს? პუტინები, მედვედევები თუ ჟირინოვსკები მომავალშიც იქნებიან, მაგათი შიშით, აღარაფერი გავაკეთოთ?" - აცხადებს ზედელაშვილი.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner