logo_geo
eng_logo
„ექსპერტიზის დასკვნით, ნუცუბიძეზე პავლიაშვილის გარდაცვალების მიზეზია - ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა“
- +

21 ნოემბერი. 2017. 23:46


 

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნუცუბიძის ფერდობზე, პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების მიზეზია ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს.


საგამოძიებო უწყებაში დაადასტურეს, რომ პავლიაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დანიშნული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა უკვე დასრულდა.


„დასკვნის თანახმად, პირის გარდაცვალების მიზეზია ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გარდაცვლილს სხეულზე რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება, გარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ განხორციელებული მანიპულაციისა. პ.პ. - ს ორგანიზმში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა", - განაცხადეს პროკურატურაში.


მათივე ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობა პ.პ.-ს ოჯახის წევრებთან და მის ადვოკატთან.


„მათ საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სისხლის სამართლის საქმის მასალებს და ზემოხსენებულ ექპერტიზის დასკვნას. ამჟამად ტარდება კომპიუტერული ექსპერტიზა, რომელიც დასრულებული არ არის. პარალელურ რეჟიმში კვლავ მიმიდნარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ამოწურვის შემდეგ პროკურატურა საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას", - განუცხადეს პროკურატურაში.


შემთხვევა ნუცუბიძის ფერდობზე 25 ოქტომბერს, საღამოს საათებში მოხდა. შსს-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის ფაქტზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. „შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს და კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დაიწყეს, რა დროსაც მათთან, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა. იგი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემო მყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.


პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირის, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, იგი უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner