ცნობილი პოეტის, მთარგმნელისა და დრამატურგის თამაზ ბაძაღუას და მისი ოჯახის წევრების, მეუღლე ნატოს და შვილი თუთას ტრაგიკული გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა. გარდაცვალების დღეს, 5 ნოემბერს მარტვილის რაიონის სოფელ ნახუნაოში მათ მოსაგონებლად საფლავთან შეიკრიბნენ ნათესავები, მეგობრები და კოლეგები.
ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის რაიონის კერძო სკოლა „სხივის" ინიციატივით, სკოლის სააქტო დარბაზში თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა დიმიტრი ღვთისიაშვილის რეჟისორობით განახორციელა თამაზ ბაძაღუას პიესის „ღამე და თუთიყუში" დადგმა, რომლის მთავარი როლის შემსრულებელია ახალგაზრდა, ნიჭიერი მსახიობი ნიკოლოზ ფაიქრიძე.
თეატრის დასრულების შემდეგ გაიმართა თამაზ ბაძაღუას „ჩვენი მწერლობის" მიერ ახლად გამოცემული კრებულის „ფარდის დაშვებამდე და სხვა პიესების" პრეზენტაცია - განხილვა, რომელსაც უძღვებოდა კრებულის გამოცემის ინიციატორი, შემდგენელი და გამომცემელი, თამაზის ბიძაშვილი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და სიტყვით გამოვიდნენ თამაზის მეგობრები, ცნობილი მეცნიერები - ლიტერატორები: ანდრო ბუაჩიძე; უჩა შერაზადაშვილი; ივანე ამირხანაშვილი და კრებულის რედაქტორი როსტომ ჩხეიძე; კერძო სკოლა „სხივის" დირექტორი დავით ჯიქია, თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მთავარი რეჟისორი დიმიტრი ღვთისიაშვილი, თამაზ ბაძაღუას და დოდო ბაძაღუა, რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი გივი ელიავა, თამაზ ბაძაღუას მეგობარი შოთა გეგეჭკორი, კერძო სკოლა „სხივის" დამფუძნებელი ალექსანდრე ხურცილავა. ლიტერატორი მარინე თოფურია, რომელმაც წაიკითხა თამაზ ბაძაღუას პოეზიიდან რამოდენიმე ლექსი. დამსწრე საზოგადოება დალოცა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა).