logo_geo
eng_logo
პროკურატურამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინების შესაბამისად, ეფექტური გამოძიების ჩატარება უზრუნველყო
- +

22 ნოემბერი. 2017. 11:11



მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. რუსთავის N6 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლების ბრალდების საქმეზე, პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილი არის ამავე დაწესებულების 3 ყოფილი მსჯავრდებული, რომელთა მიმართაც 2015 წლის 20 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე - „გეგენავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" დაადგინა  ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) პროცედურული ნაწილის დარღვევა, რის საფუძველზეც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ეფექტური გამოძიების ჩატარებაზე. დასახელებულ საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე და შესაბამისად გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი.

 

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მთავარი პროკურატურის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად ამ ეტაპისთვის გამოვლენილი და პასუხისგებაში მიცემულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. რუსთავის N6 დაწესებულების  სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების სამი ყოფილი თანამშრომელი. გამოძიება გრძელდება დანაშაულთან კავშირში მყოფ სხვა პირთა დადგენის მიზნით. დაკავებულებს ბრალდება უკვე წარედგინათ და პროკურატურა კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს სასამართლოს მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნით.

 

ასევე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პროკურატურა პრიორიტეტულად აგრძელებს გამოძიებას ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზედაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით საქართველოს მხარეს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს ეფექტური გამოძიება. აღნიშნულ პროცესზე ზედამხედველობას ახორციელებს  ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner