ამ წუთებში სასამართლოში კონსტიტუციური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას დისტანციურად, „სკაიპით" დაკითხვა მიმდინარეობს.
ბრალდების მხარის შეკითხვაზე - რატომ დაინიშნა ახალაია კუდ-ის უფროსის თანამდებობაზე, როდესაც მეხუთე კურსის სტუდენტი იყო, მოწმემ უპასუხა, რომ მან ამ თანამდებობაზე მუშაობა გარკვეული დამსახურებების გამო დაიწყო.
დათა ახალაიამ პროცესზე დაადასტურა, რომ კუდ-ის უფროსის რანგში არაერთხელ შეხვედრია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. მან პროკურორის შეკითხვის შემდეგ ასევე განაცხადა, რომ 2002-2004 წლებში თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციაში თანაშემწედ მუშაობდა, იმ პერიოდშიც, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი იყო. დათა ახალაიას თქმით, იგი, ვასილ სანოძესთან ერთად, მაშინდელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დაინიშნა ასევე აჭარაში საგანგებო რწმუნებულად.
ახალაიას დაკითხვა სასამართლოზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დავით კაკოიშვილმა მოითხოვა. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი „სკაიპით" იკითხება, ვინაიდან საქართველოში არ იმყოფება. გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული.
გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის დაფარვის მიზნით მიხეილ სააკაშვილი კუდ-ის უფროსს დაჰპირდა, რომ გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულებს შეიწყალებდა, რაც მან 2008 წელს გააკეთა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს - გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდა.