logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: უშუალოდ ვიყავი ჩართული იმ ყველაფრის გამოძიებაში, რაც ხდებოდა გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით
- +

22 ნოემბერი. 2017. 14:46



დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა გირგვლიანის საქმეზე მიმდინარე სასამართლოს შესახებ კომენტარი გააკეთა.


„მინდოდა, მეთქვა რამდენიმე სიტყვა იმ სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს მიმდინარეობს სააკაშვილის ბრალთან დაკავშირებით. მე ვიყავი დაკითხული ამ პროცესზე, როგორც მოწმე. სასამართლოს მეც მივეცი ჩვენება. მოგეხსენებათ, ვიყავი სახალხო დამცველი იმ დროს, როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა, ხდებოდა ჩემს თვალწინ. უშუალოდ ვიყავი ჩართული იმ ყველაფრის გამოძიებაში, რაც ხდებოდა გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, როგორ ხდებოდა გზადაგზა გაყალბება სასამართლო პროცესების; როგორ იცვლებოდა კანონები ერთი სასამართლო პროცესიდან მეორე სასამართლო პროცესამდე, რომ ამით შეემცირებინათ ბრალი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იხდიდნენ სასჯელს; როგორ ისხდნენ ისინი ერთ საკანში, მაშინ როდესაც ეს კანონით აკრძალული იყო და როგორ შეცვალეს ამასთან დაკავშირებით წესები; როგორ მოხდა, რომ ისინი იყვნენ აბსოლუტურად პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ერთ-ერთი მინისტრი სააკაშვილის მთავრობის მაშინ ჩემთანაც მოდიოდა და მეუბნებოდა, როგორ მართავდნენ ისინი ბიზნესებს და ატერორებდნენ ადამიანებს ციხიდან; როგორ უშვებდნენ მათ პერიოდულად ოჯახებში, თითქოს მათ დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი და როგორ იყო ამ ყველაფერის გვირგვინი სააკაშვილის მიერ მათი შეწყალება. გირგვლიანის საქმეზე მაღალი თანამდებობის ძალიან ბევრ პირზე არის განაჩენი დამდგარი და დღეს მიმდინარეობს სასამართლო იმ ადამიანის, ვისგანაც ეს ყველაფერი მოდიოდა - ეს არის რეჟიმის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც იმ პირობით დაითანხმა ესენი ციხეში წასვლაზე, რომ შეიწყალებდა და ექნებოდათ ყველანაირი პრივილეგიები", - განაცხადა სუბარმა.

 

მინისტრმა ასევე დათა ახალაიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.


„ამ ადამიანის გადადგომა მოხდა მაშინ, როდესაც გავაკეთე განცხადება მისი და მისი მეგობრების ბრალის შესახებ. ამაზე ძალიან მწვავე რეაქცია ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს. ჩემთან ვერ დარეკა პირდაპირ და ჩემს მძღოლს დაურეკა, მძღოლმა მომაწოდა ტელეფონი. იქ ამბობდა, რომ პრეტენზიები ჰქონდა და ზუსტად ერთ საათში დათა ახალაიამ და მისმა მეგობრებმა გააკეთეს განცხადება გადადგომის შესახებ. ამ საქმეზე პრაქტიკულად განაჩენის ტოლფასი შეფასება გააკეთა ევროპულმა სასამართლომ, როდესაც თქვა, რომ საქართველოში ამ საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტი, პროკურატურა, მთავრობა და სასამართლო იყო მხარე, რომლებიც აწყობდნენ შეთქმულებას, რომ როგორმე არ დასჯილიყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც ეს უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner