logo_geo
eng_logo
პროკურატურამ დათა ახალაიას მერაბიშვილის ცოლთან 67-ჯერ დარეკვის მიზეზი ჰკითხა
- +

22 ნოემბერი. 2017. 15:14



სასამართლო სხდომაზე „სკაიპით" დაკითხვისას პროკურორმა კუდ-ის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას ჰკითხა, რაზე ესაუბრებოდა სანდრო გირგვლიანის გატაცების შემდეგ შს მინისტრის მეუღლეს თაკო სალაყაიას.


„ბატონო დავით, ამონაწერის თანახმად, 2006 წლის 27-28 იანვარს თქვენსა და თაკო სალაყაიას შორის 67 ზარი და მოკლე ტექსტური შეტყობინება განხორციელდა. ამათგან 28 იანვარს ღამის თორმეტი საათის შემდეგ განხორციელდა 12 მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომლებიც გრძელდებოდა დილის 07:32 საათამდე. შეგიძლიათ, აგვიხსნათ, რაზე საუბრობდით სანდრო გირგვლიანის გატაცების მომენტიდან თქვენ და შს მინისტრის ცოლი თაკო სალაყაია გათენებამდე", - მიმართა ბრალდების მხარემ ახალაიას.


ამ შეკითხვაზე დაცვის მხარემ პროტესტი გამოთქვა, ახალაიამ კი შეკითხვას კონკრეტული პასუხი არ გასცა.


დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ კუდ-ის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნისას დათა ახალაია მეხუთე კურსის სტუდენტი იყო.


„ვთვლი, რომ დავიმსახურე კუდ-ის უფროსად დანიშვნა, რადგან კორუფციის ჭაობიდან ამოვიყვანე ქვეყანა", - ამის შესახებ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა დათა ახალაიამ სასამართლო სხდომაზე პროკურორის კითხვაზე განაცხადა.


პროკურორი დაინტერესდა, რა გამოცდილება და დამსახურება ჰქონდა მას იმისთვის, რომ უპირობო ნდობა გამოუცხადეს და მეხუთე კურსის სტუდენტი კუდ-ის უფროსად დანიშნეს.


ახალაიამ არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშვნის დროს, სტუდენტი იყო. პროკურორის კითხვები ასევე ეხებოდა მას და ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შორის ურთიერთობას.


„რამდენჯერ შევხვდი სააკაშვილს, არ მახსოვს. მე თუ მქონდა პრეზიდენტთან შეხვედრა, ეს ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს და არაფერს სხვას", - აღნიშნა ახალაიამ.


მისივე თქმით, საკრებულოში მუშაობისას ყოფილ პრეზიდენტთან შეხება არ ჰქონია, მუშაობდა დავით ბერძენიშვილთან და კავშირი მასთან ჰქონდა.


ახალაიას თქმით, არ აქვს ინფორმაცია, სააკაშვილის სამეგრელოში ყოფნისას, სტუმრობდა თუ არა ყოფილი პრეზიდენტი მის მამისეულ სახლს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გირგვლიანის საქმეზე მოწმის სახით დათა ახალაია იკითხება. ძებნილი დათა ახალაიას დაკითხვა დისტანციურად, „სკაიპის" მეშვეობით მიმდინარეობს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner