სასამართლო პროცესზე კონსტიტუციური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას „სკაიპით" დაკითხვა გრძელდება.
დაკითხვისას, დათა ახალაიამ განაცხადა, რომ მან 2006 წლის პირველ ნახევარში ერთხელ ან ორჯერ აიღო პრემია. პროკურორმა კუდ-ის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას ჰკითხა, 2006 წლის 30 იანვარს, სანდრო გირგვლიანის მიმართ განხორციელებული დანაშაულიდან სამი დღის შემდეგ, რისთვის და რა დამსახურებისთვის მიიღო პრემია 4000 ლარის ოდენობით, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ არ ახსოვს, რატომ აიღო პრემია.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარემ ასევე განაცხადა, რომ 2006 წლის 27-28 იანვარს დათა ახალაიასა და თაკო სალაყაიას შორის 67 ზარი და მოკლე ტექსტური შეტყობინება განხორციელდა.
„ბატონო დავით, ამონაწერის თანახმად, 2006 წლის 27-28 იანვარს თქვენსა და თაკო სალაყაიას შორის 67 ზარი და მოკლე ტექსტური შეტყობინება განხორციელდა. ამათგან 28 იანვარს ღამის თორმეტი საათის შემდეგ განხორციელდა 12 მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომლებიც გრძელდებოდა დილის 07:32 საათამდე. შეგიძლიათ, აგვიხსნათ, რაზე საუბრობდით სანდრო გირგვლიანის გატაცების მომენტიდან თქვენ და შს მინისტრის ცოლი თაკო სალაყაია გათენებამდე?" - მიმართა ბრალდების მხარემ ახალაიას.
ამ შეკითხვაზე დაცვის მხარემ პროტესტი გამოთქვა, ახალაიამ კი შეკითხვას კონკრეტული პასუხი არ გასცა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ კუდ-ის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნისას დათა ახალაია მეხუთე კურსის სტუდენტი იყო.
„ვთვლი, რომ დავიმსახურე კუდ-ის უფროსად დანიშვნა, რადგან კორუფციის ჭაობიდან ამოვიყვანე ქვეყანა", - ამის შესახებ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა დათა ახალაიამ სასამართლო სხდომაზე პროკურორის კითხვაზე განაცხადა.