ნადეჟდა სავჩენკოს საქმე და უკრაინაში გასამართლებული რუსეთის მოქალაქეების საკითხი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის მთავარი თემა გახდა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინამ მოუწოდა რუსეთს, დაუყონებლივ გაათავისუფლოს ნადეჟდა სავჩენკო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მასთან ციხეში დონის როსტოვში უკრაინის გენერალურ კონსულს დაუშვებენ.
კრემლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საუბრის დროს მხარეებმა „უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ვითარების დარეგულირებასა და ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე რუსეთის მოქალაქეების ალექსანდროვისა და ეროფეევის ბედზე იმსჯელეს".
18 აპრილს კიევის რაიონულმა სასამართლომ რუსეთის მოქალაქეები ევგენი ეროფეევი და ალექსანდრ ალექსანდროვი ტერორისტულ საქმიანობაში დამნაშავედ ცნო და 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.