თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, MAP არის ერთგვარი წარსული საქართველოსთვის.
„ხაზგასმით და ცალსახად ვამბობ, ვისაც წერა და კითხვა არ ეზარება შეუძლია გადაამოწმოს ინსტრუმენტები, რომლითაც საქართველო სარგებლობს NATO-სთან ურთიერთობაში და მათ შორისაა ერთობლივი სასწავლო ცენტრი - ეს არის იმ ტიპის ინსტრუმენტები, რაც არასოდეს არც ერთ ქვეყანას მანამდე არ ჰქონია და არც დღეს აქვთ იმ ქვეყნებს, ვისაც MAP-ი აქვს. ჩემთვის პირადად და ეს არ არის მარტო ჩემი პოზიცია, ეს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაა, რომ MAP არის ერთგვარი წარსული საქართველოსთვის. 2015 წლის დეკემბრის მინისტერიალზე, პრინციპში, ეს ასეც ითქვა, რომ MAP გახდა პოლიტიკური პროცესების ნაწილი და მას არავითარი საერთო აღარ აქვს პრაქტიკულ ინსტრუმენტებთან. შეგახსენებთ, დოკუმენტში ცალსახად ჩაიწერა, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი გაწევრიანების გზაზე. გაწევრიანების გზაზე MAPი არ არის ამოცანა, ჩვენთვის ამოცანა გაწევრიანებაა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, იქნება თუ არა ვარშავის სამიტზე თავდაცვის მინისტრი, ხიდაშელის თქმით, ამ კითხვაზე რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა პასუხი გასცა და ის აღარ აპირებს დამატებითი კომენტარების გაკეთებას.
ამასთან, როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი ოფიციალურად 15 მაისს დაიწყებს ფუნქციონირებას.