logo_geo
eng_logo
ნინო გიორგობიანი: დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია
- +

22 ნოემბერი. 2017. 19:07



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთეს. როგორც სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი, ხოლო 3 მათგანი ლიკვიდირებულია.


„სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაცია დასრულებულია. ჩატარებული ღონისძიების შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სამწუხაროდ, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა 2. ამასთანავე დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი. სუს-ი სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს.

 

არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. ამ პირებთან მიმართებაში დაკვირვება უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა. საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიკაციის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით.

 

სუს-ის სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ თანამშრომელს, სპეცრაზმელს და პოლიციელს, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ჩვენი მოქალაქეები. ამ რთული ვითარების გადატანისთვის, მადლობას ვუხდით ჩვენს მოსახლეობას, რომ მათ ითანამშრომლეს სამართალდამცველებთან", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.


ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ტერორისტები, ნინო გიორგობიანმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:


„უახლოესი დღეების განმავლობაში გავავრცელებთ დამატებით ინფორმაციას, გამოძიების მიმდინარეობის დროს", - აღნიშნა ნინო გიორგობიანმა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner