თავშესაფრის მაძიებელი და ლტოლვილი უცხოელი მოსწავლეები, რომელთაც ომის გამო სამშობლოს დატოვება მოუხდათ, დღეს თბილისის 81-ე საჯარო სკოლაში სწავლობენ. მოსწავლეები ჩართულნი არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ „საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ქართულ ენაში მომზადების პროგრამაში", რომლის ფარგლებშიც, ერთი წლის განმავლობაში ქართულ ენას შეისწავლიან და მიიღებენ შესაბამის ცოდნას (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) იმ დონეზე, რაც მათ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს მანამდე, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.
თბილისის 81-ე საჯარო სკოლაში თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე 69 ბენეფიციარი ჩაირიცხა, მათ ქართულს კონკურსის შედეგად შერჩეული კვალიფიციური პედაგოგები ასწავლიან. ამ მოსწავლეთა მონაწილეობით, 18 აპრილს, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრო.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ქართველი და ლტოლვილი ბავშვების ხელნაწერების გამოფენა წარმოადგინეს. ასევე იყო გამოფენილი სკოლის ქართველი მოსწავლეების მიერ ლტოლვილი მეგობრებისადმი მიწერილი წერილები, გაიმართა ფილმის „გზავნილი საქართველოს" ჩვენება, ეს არის ქართველი და ლტოლვილი ბავშვების ერთობლივი ფილმი მეგობრობაზე, ასევე გაიმართა მეგობრული საფეხბურთო მატჩი. ღონისძიება ერაყელმა მოსწავლემ გახსნა, რომელმაც ქართული სიმღერა შეასრულა. ღონისძიების ბოლოს საუკეთესო ხელნაწერის ავტორი და ფეხბურთში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.