საქართველოში NATO-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ MAP წინა ხელისუფლების დროს პოლიტიზირებულ საკითხად იქცა, რის გამოც, NATO-ს წევრ 28 ქვეყანას საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებაზე კონსენსუსის მიღწევა გაუჭირდება.
„NATO-ში ინტეგრაციის მთავარი ინსტრუმენტი და ასპექტი საქართველოში რეფორმების გატარებაა, რაც წარმატებით მიმდინარეობს. რეფორმები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი მოკავშირე ქვეყნებისთვის, თუ როდის მიიწვიონ საქართველო წევრობისთვის. ბუქარესტის სამიტიდან გამომდინარე სულ ისმის, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, თუმცა მთავარი კითხვა აქ არის, როდის? - ეს გახლავთ თემა პოლიტიკის და ტექნიკური საკითხების კომბინაციისა, რომელიც NATO-ს მოკავშირეებს აწუხებთ. მოკავშირეები ყურადღებით ადევნებენ თვალყურს რეფორმების უწყვეტობას. მათ აინტერესებთ საქართველოს პოზიცია. ჩვენ ასევე ყველაზე მეტად ვაკვირდებით უსაფრთხოების პოზიციებს. რა თქმა უნდა, NATO-ს წევრობა საბოლოოდ უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას მხოლოდ ერთი გზით - თავდასხმის შემთხვევაში ყველა სხვა წევრი მხარდასაჭერად უნდა გამოეშუროს.
მართალია, ალიანსის წევრობა არ იძლევა განათლების, ეკონომიკური განვითარების და სხვა საზოგადოებრივი ასპექტების განვითარების გარანტიებს, თუმცა თავისთავად უსაფრთხოების გარანტია იქნება ქვეყნის აყვავების გარანტი.
საქართველოს წინსვლისთვის NATO-ს მიმართულებით რეფორმები უმნიშვნელოვანესია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო გახლავთ უნიკალური შემთხვევა NATO-ს ისტორიაში, ვინაიდან ყველა წევრი ქვეყანა შეთანხმდა, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი და ეს უცნაური შემთხვევაა. NATO პარტნიორთა შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მხარში უდგას. ჩვენ ერთად გავივლით ინტეგრაციის გზას", - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.