logo_geo
eng_logo
გურამ როგავა: ადამიანის სიცოცხლე ნებისმიერ ექსკლუზივზე ღირებულია!
- +

23 ნოემბერი. 2017. 12:23



„საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი გურამ როგავა სოციალურ ქსელში, გუშინ, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

 

ხანგრძლივი სპეცოპერაციის გაშუქების შემდეგ „ფეისბუქისთვისაც" მოვიცალე.

იმდენი პოზიტიური შეტყობინება დამხვდა, მათ შორის სრულიად უცხო ადამიანებისგან, არ ვიცი, სათითაოდ პასუხის გასაცემად დღეს ენერგია თუ მეყოფა, ამიტომაც, თუ არ მიწყენთ, ახლა ყველას ერთად აქ გადაგიხდით მადლობას.

გულახდილად გეტყვით, ჩემს პროფესიულ საქმიანობაში არის შავი ლაქა, მოუშუშებელი ჭრილობა, როცა ერთ-ერთი ჩემი რეპორტაჟი ფატალური შედეგით დასრულდა. მართალია, მაშინ არც ჟურნალისტური სტანდარტი და არც კანონი დამირღვევია, მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ ეს მაინც არ მამართლებს და მედიას ყოველთვის იმაზე მეტი პასუხისმგებლობა მართებს, ვიდრე ამას კანონი გვავალდებულებს.

წლების წინ მიღებული იმ მძიმე გაკვეთილის შემდეგ მივხვდი, რომ ომების, კონფლიქტების, სპეცოპერაციებისა თუ აქციების გაშუქებისას მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინო. ადამიანის სიცოცხლე ნებისმიერ ექსკლუზივზე ღირებულია და ამიტომაც გადავწყვიტე, რომ დღეს პირდაპირი ეთერის რეჟიმში არ უნდა გადამეცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომელ კუთხეში იმალებოდნენ სპეცრაზმელები, რადგან ამ ცნობების მიღება, არა - მაყურებლის, არამედ, პირველ რიგში, მოწინააღმდეგის ინტერესებში შედიოდა.

ყველა საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მოქმედებს, ყველას საკუთარი მყარი არგუმენტი აქვს და შესაბამისად, არავის არჩევანს არ ვაკრიტიკებ, ამ თემაზე პოლემიკის გამართვას არ ვაპირებ.

მართალია, რთულია, მაგრამ ძალიან სასარგებლოა საკუთარი შეცდომების დანახვა/აღიარება და ამ შეცდომებზე სწავლა.

დღეს მეც ბევრი ახალი შეცდომა დავუშვი, რომელსაც იმედია, მომავალში გამოვასწორებ.

ვწუხვარ, რომ დღევანდელი სპეცოპერაცია მსხვერპლით დასრულდა. ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახის წევრებს და ახლობლებს", - წერს როგავა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner