logo_geo
eng_logo
ახმედ ჩატაევი ლიკვიდირებულია
- +

23 ნოემბერი. 2017. 13:08



დავით მაყიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ახმედ ჩატაევი.

 

„ჩემი ინფორმაციით, დღეს ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ახმედ ჩატაევი და მისი დაცვის წევრები", - წერს დავით მაყიშვილი.


ვინ არის ახმედ ჩატაევი?


როგორც ცნობილია, მან საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს ორი წლის წინ მუქარის შემცველი აუდიოჩანაწერი გამოუგზავნა.


ეს ინფორმაცია ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 2015 წელს დაკავებული სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამის, აუფ ბორჩაშვილის სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.


2015 წლის მარტში გამოჩნდა პირველი ცნობები იმის შესახებ, რომ ახმედ ჩატაევი სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთ დაჯგუფებას „იარმუკს" ხელმძღვანელობდა.


„კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ცნობით, ამ შენაერთში ჩრდილოკავკასიელი მოხალისეები იბრძვიან, ძირითადად ჩეჩნები, თუმცა მათ შორის არიან დაღესტნიდან და საქართველოდან - პანკისის ხეობიდან სირიაში წასული ახალგაზრდებიც.


მალევე ახმედ ჩატაევი შეერთებულმა შტატებმა გლობალურ ტერორისტთა სიაში შეიყვანა. მისი გვარი ევროკავშირის „შავ სიაშიც" მოხვდა, როგორც განსაკუთრებით საშიში ტერორისტი.



„ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი აუფ ბორჩაშვილის დაპატიმრების შემდეგ კი ჩატაევმა საქართველოში აუდიომუქარა გამოგზავნა, სადაც ის ჩვენს მოქალაქეებსა და ქვეყანაში მყოფ ტურისტებს ემუქრებოდა. მან აუდიომუქარა, მეგობრის მეშვეობით, კონტრტერორისტულ ცენტრს თურქეთიდან გამოუგზავნა. ჩატაევი პატიმრობაში მყოფი აუფ ბორჩაშვილისა და მასთან ერთად ტერორიზმში ბრალდებული პირების გათავისუფლებას ითხოვდა.


„თუ ისინი არ გათავისუფლდებიან, საქართველოს უსაფრთხოება არ იქნება დაცული", - ამბობს აუდიომიმართვაში ახმედ ჩატაევი.


ცხადია, ხელისუფლებამ ჩატაევის ულტიმატუმი არ დააკმაყოფილა. პირიქით, მისი მიმართვა გახდა ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რის საფუძველზეც გამოძიება „ისლამურ სახელმწიფოსთან" აუფ ბორჩაშვილის კავშირს ადასტურებს.


„საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლეთის ქვეყნების მიერ ახმედ ჩატაევი აღიარებულია, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელი, ერთ-ერთი დაჯგუფების ხელმძღვანელი და მებრძოლი. შესაბამისი დოკუმენტაცია დევს აუფ ბორჩაშვილის საქმეში. აქედან გამომდინარე, ჩატაევის განცხადება ვერ ჩაითვლება, როგორც კერძო პირის მოსაზრება. ამ აუდიოჩანაწერით საქართველოს ხელისუფლებისგან ის ითხოვდა აუფ ბორჩაშვილის და მასთან ერთად დაკავებული პირების განთავისუფლებას, ასევე, ახსენებს აჭარელ მოჭიდავეს, ვინმე თემურს, რომელიც დაკავებულია, ალბათ, სხვა საქმეზე. ჩანაწერში ჩატაევი ამბობს, რომ, თუ არ მოხდებოდა მათი განთავისუფლება, საქართველოს მოქალაქეებსა და ქვეყანაში მყოფ ტურისტებს უსაფრთხოების მხრივ შეექმნებოდათ პრობლემები. ამ ჩანაწერის კონტრტერორისტული ცენტრისთვის გადასაცემად ჩატაევმა მის მეგობარს, ალექსანდრე თალაკვაძეს ერთკვირიანი ვადა განუსაზღვრა და უთხრა, კიდევ დაუკავშირდებოდა. ერთი კვირის თავზე მართლაც დაუკავშირდა თალაკვაძეს და პასუხი მოსთხოვა მის მიერ გაკეთებულ მიმართვასთან დაკავშირებით, რაზეც თალაკვაძემ ასევე ტელეფონით მისწერა, რომ ეს საკითხი ასე მალე არ წყდება და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიეღო. გასაგებიაო, - უპასუხა ჩატაევმა და მას შემდეგ ამ პიროვნებასთან კავშირზე აღარ გამოსულა", - ამბობს პროკურორი ზვიად ფხაკაძე, რომელიც, ასევე, ადასტურებს, რომ აღნიშნული აუდიოჩანაწერის გარდა, აუფ ბორჩაშვილის საქმეში დევს ფარული სატელეფონო ჩანაწერები და სხვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები.


ამავე ჩანაწერში ჩატაევი ახსენებს აჭარელ მოჭიდავეს, ვინმე თემურს. როგორც გაირკვა, საუბარია სპორტსმენ თემურ ბახუნტარიძეზე, რომელიც სამართალდამცველებმა ჯერ კიდევ 2013 წლის 13 სექტემბერს ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონ ფირუზ წულუკიძესთან და რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ჩეჩენ იუსუფ ლაკაევთან ერთად დააკავეს.


34 წლის ახმედ ჩატაევი (იგივე ახმედ შიშანი) ცნობილი ჩეჩენი მებრძოლია. მისი სახელი ფიგურირებს ლაფანყურის გახმაურებულ საქმეშიც.


ცნობილია, რომ 2000 წელს, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, დაჭრილი ჩატაევი ურუს-მარტანის საავადმყოფოდან რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს, სასტიკად აწამეს, მარჯვენა ხელი მოაჭრეს და დენზე შეაერთეს, რის შემდეგაც მას „ცალხელა ახმედას" სახელითაც კი მოიხსენიებდნენ. 2003 წელს მან სხვა სახელითა და გვარით ავსტრიის ხელისუფლებისგან ლტოლვილის სტატუსის მიღება მოახერხა. 2007 წლის მარტში, ჩატაევი იარაღის ტარების ბრალდებით, შვედეთში დააკავეს. 2010 წლის იანვარში კი უკრაინაში დააპატიმრეს. მოსკოვი ჩატაევის ექსტრადირებას კატეგორიულად ითხოვდა, თუმცა, ამ შემთხვევაში ლტოლვილის სტატუსმა უშველა და დეპორტაცია რუსეთის ნაცვლად საქართველოში განახორციელეს. ამ დროიდან ჩატაევი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობდა, სადაც მას მეუღლე და ერთი შვილი ჰყავდა. 2011 წლის მაისში ის კვლავ დააპატიმრეს, ამჯერად თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე, რუსეთი კვლავაც ითხოვდა ექსტრადირებას, თუმცა უფლებადაცვითი ორგანიზაციების ჩარევის შედეგად გაათავისუფლეს.


ჩატაევის მორიგი დაპატიმრება კი ლაფანყურის მოვლენებს უკავშირდება. ითქვა, რომ პანკისის ხეობაში სწორედ მას ჩამოჰყავდა ევროპაში მცხოვრები ჩეჩენი მოჯაჰედები, რომლებიც შემდგომში რუსეთის ფედერაციაში უნდა გადასულიყვნენ. ჩატაევი სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს, ხოლო 2013 წელს სასამართლომ გაათავისუფლა, რის შემდეგაც მან ქვეყანა დატოვა.


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner