logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: გიორგი კანდელაკს მოურიდებლად შეიძლება ვუწოდოთ მაოხრებელი გზირი
- +

19 აპრილი. 2016. 13:05


 

„კანდელაკს არა მარტო დღვანდელი, არამედ მისი საერთო პათოსის გამო მოურიდებლად შეიძლება ვუწოდოთ მაოხრებელი გზირი, რომელიც სულ იმის მცდელობაშია, რითი გაუტეხოს სახელი და ჩირქი მოსცხოს ქვეყანას", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე უმცირესობის წევრ გიორგი კანდელაკზე. აღნიშნულზე კვაჭანტირაძე საკუთარ facebook-გვერდზე წერს.

 

„გახსოვთ ალბათ, სულხან-საბა ორბელიანს აქვს ერთი იგავი - „მაოხრებელი გზირი" ჰქვია, როცა გაბოროტებული კაცი იმაზე ფიქრობს, გარდაცვალების შემდეგაც რამენაირად ავნოს სოფელ-ქვეყანას. კანდელაკს არა მარტო დღვანდელი, არამედ მისი საერთო პათოსის გამო მოურიდებლად შეიძლება ვუწოდოთ მაოხრებელი გზირი, რომელიც სულ იმის მცდელობაშია, რითი გაუტეხოს სახელი და ჩირქი მოსცხოს ქვეყანას. დღემდე კანდელაკის ვიწრო სპეციალიზაცია იყო, ყველა გამოსვლაში და ყოველდღიურ მეილებში ეძაგებინა ბიძინა ივანიშვილი. ახლა მისი სამიზნე ბიძინასთან ერთად, პრემიერ-მინისტრი გიორგი გვირიკაშვილიც გახდა, პრემიერი, რომელმაც საზოგადოების საყოველთაო ნდობა და პატივისცემა ძალიან მოკლე დროში მოიპოვა და თვით ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებსაც კი უჭირთ, არ აღიარონ მისი საქმისადმი ერთგულება, კონსტრუქციულობა, კომუნიკაბელურობა, განათლება და პატიოსნება...

 

ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეეგუონ „ნაცმოძრაობის" შემორჩენილი თავგადადებული ბოლშევიკი- აქტივისტები, რომ მათ ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში ყოფნისას ჩადენილი არაერთი უმსგავსობისთვის და დანაშაულისთვის უთხრა უარი. ხომ იცით, რომ თავს იტყუებთ.... ვერც „თურმანიდზეენდიაი" მალამო გიშველით და ვერც პარლამენტში ბოლო დროს მომეტებულად ხმამაღალი გამოსვლები, რაშიც აშკარად ერთმანეთს ეჯიბრებით და თავს აწონებთ. მე მაინც გირჩევთ, მაოხრებელი გზირის როლიდან გამოხვიდეთ. ის, რასაც თქვენ სჩადიხართ, დიდი სირცხვილია. სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილ ყველა ქვეყნის დელეგაციაში არიან როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგრამ ასე სამარცხვინოდ, როგორც თქვენ, არავინ იქცევა; არავინ ავლენს ასეთ ზიზღს საკუთარი ქვეყნისა და ხელისუფლების მიმართ, როგორც ამას თქვენ ავლენთ, წარბშეუხრელად. არაფერი გესმით, არაფერს ანგარიშს არ უწევთ. გასულ ოთხშაბათს საჯაროდ მოგიწოდეთ, ბოროტად ნუ გამოიყენებთ დეპუტატის მანდატებს და ხელს ნუ შეგვიშლით ხელისუფლებას თქვენი მზაკვრობებით და ზურგში დანების ჩარტყმით-მეთქი...

 

გაითვალისწინეთ, ადრეც არაერთხელ მომიხდა ამის თქმა - ჩვენ აქამდე და დღესაც კი ისე არ გექცევით, როგორც ამას იმსახურებთ, მაგრამ ჩვენი ეს მიდგომა არასწორი აღმოჩნდა. ჩვენ შეცდომები დავუშვით და მათ აუცილებლად გამოვასწორებთ", - წერს ზვიად კვაჭანტირაძე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner