ავტორი ნინი ჩოქური
თბილისში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას 41 წლის სპეცრაზმელი შეეწირა. ამის შესახებ საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ კარგი იქნება, თუკი გავა ხალხი ქუჩაში და დუმილით პატივს მიაგებს დაღუპული გმირის ხსოვნას. ამ საკითხთან დაკავშირებით „რეპორტიორი" პოეტ დავით მაღრაძეს დაუკავშირდა.
„პირველ რიგში, როგორც საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქე, ქედს ვიხრი იმ ადამიანის წინაშე, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლას მსხვერპლად შეეწირა. რაც შეეხება გამოხატვის ფორმას, ნუ დავეძგერებით რიტუალს და გულწრფელად გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა დაღუპული გმირის მიმართ. რადგან მუდმივად რიტუალური მწუხარებით და რიტუალური გამარჯვებებით მივდივართ ხოლმე ჩვენი ცხოვრების გზაზე, გულწრფელობა დაგვეკარგა. სულ რიტუალში ვცხოვრობთ და არ მინდა ჩვენი გულწრფელობაც რიტუალად იქცეს.
ჩვენ ყველა ვართ ქართული სახელმწიფოს ერთიანობის მომხრე, მაგრამ ჯაჭვში რომ ჩადგა მთელი თბილისი, ამის მომხრე მე არ ვიყავი. ჩემი აზრით, ეს არ იყო ერთიანობის გამოხატვა და არც იმის, რომ ჩვენ მტრის არ გვეშინია. ეს უფრო არაგულწრფელი აქცია იყო, რომელიც ალბათ ხელისუფლების გადარჩენას უფრო ემსახურებოდა ვიდრე სახელმწიფოს. ეს არ იყო მხნეობის გამოხატვა, ეს არ იყო ომში გამარჯვება, ეს იყო ომში დამარცხების გამარჯვებად მოჩვენების მცდელობა . ჯაჭვში ჩადგომით გვინდოდა, რომ ტყუილი გვეზეიმა - რომ ვითომ გავიმარჯვეთ", - განაცხადა დავით მაღრაძემ.