24 ნოემბერს, 18:00 საათზე, ჩინეთის ხელოვანთა ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა), გაიხსნება გამოფენა „ხელოვნება და მშვიდობა - თანამედროვე ჩინური ხელოვნება".
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ჩინეთის ხელოვანთა ასოციაციაში გაერთიანებული ცნობილი ჩინელი მხატვრების მიერ სხვადასხვა ტექნიკაში შესრულებული ნამუშევრები. მხატვრების მთავარი თემაა მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნება, ჰუმანიზმი და ჩინეთის ჰარმონიული კულტურის გავრცელება ფართო საერთაშორისო საზოგადოებაში. 29 ნამუშევარი აერთიანებს ჩინურ მხატვრობას, ფერწერულ ტილოებს, ქანდაკებას, ბეჭდურ მასალას, აკვარელს, სინთეტიკურ მატერიას და სხვა.
ექსპოზიცია, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა), 24 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.
ჩინეთის ხელოვანთა ასოციაცია შეიქმნა 2009 წელს, სახელწოდებით ,,ჩინური ხელოვნების მოგზაურობა მსოფლიოში". გამოფენამ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა, მათ შორის რომში, ფინეთსა და დიდ ბრიტანეთში. აღნიშნული გამოფენა, იმართება, როგორც პეკინის საერთაშორისო ხელოვნების ბიენალეს საპასუხო გამოფენა და ასევე, ეძღვნება საქართველოსა და ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პეკინის საერთაშორისო ხელოვნების ბიენალეზე, 102 ქვეყანას შორის საქართველო მიწვეული გახლდათ საპატიო სტუმრის სტატუსით და დათმობილი ჰქონდა ცალკე დარბაზი, სადაც განთავსებული იყო 15 ქართველი თანამედროვე მხატვრის 31 ნამუშევარი.
გამოფენის მიზანია, ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება, რაც ხელს შეუწყობს ჩინეთის ხელოვნების პოპულარიზაციას და ჩინეთის ცივილიზაციის გავრცელებას მსოფლიოში.
მისამართი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) სიონის ქ. 8.