logo_geo
eng_logo
„ახალგაზრდა ადვოკატები“: სახელმწიფომ მოსამართლეებისთვის ბინების ჩუქება აღარ უნდა გააგრძელოს
- +

19 აპრილი. 2016. 13:22



ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მერაბ ტურავას მიმართ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრების უფლებით გადაცემის შესაძლებლობას ეხმაურება და მთავრობას მიმართავს, მოსამართლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფამდე, საკითხი სრულფასოვნად შეისწავლოს.



„ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ერთმნიშვნელოვნად, მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სახელმწიფო  მოსამართლეს, რომელსაც სამოსამართლო უფლებამოსილების განსახორციელებლად ქალაქში (რაიონში) არა აქვს საცხოვრებელი ბინა, უზრუნველყოფს აუცილებელი საცხოვრებელი ფართით ან უნაზღაურებს საამისოდ საჭირო ხარჯებს".



კაიკაციშვილის თქმით, მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია, მოსამართლე მერაბ ტურავას მიმართ თანაბარი სოციალური დაცვის გარანტიები შექმნას, თუმცა „აუცილებელი საცხოვრებელი ფართით" უზრუნველყოფა არ ნიშნავს მოსამართლისთვის სიმბოლურ ფასად, საკუთრებაში ქონების გადაცემას. მისი განმარტებით, ასეთი საცხოვრებელი ფართი მოსამართლეს შესაძლებელია გადაეცეს დროებით სარგებლობაში იქედან გამომდინარე, რომ ბინის ქირა, შესაძლებელია, სამოსამართლო უფლებამოსილების ვადით, მნიშვნელოვან საბიუჯეტო ხარჯებთან იყოს დაკავშირებული.


„ახალგაზრდა ადვოკატები" აღნიშნავს, რომ 2016 წლის 25 მარტს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ წერილით მიმართა ქალაქ ბათუმის მერიას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრ მერაბ ტურავას მიმართ, ქ. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩა #1-ში, 125 კვ/მეტრის ფართობის მშენებარე ბინის უსასყიდლოდ, სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა. ბათუმის საკრებულო ბინის სახელმწიფოსთვის გადაცემის საკითხს 2016 წლის 20 აპრილის სხდომაზე განიხილავს.



„ახალგაზრდა ადვოკატები" აღნიშნავს, რომ თუკი მოსამართლისთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა სიმბოლურ ფასად მოხდება, განმეორდება წინა ხელისუფლების პრაქტიკა, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის ივნისში თავისი განკარგულებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს სოციალური დაცვის გარანტიების სახელით, სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად ქ. ბათუმში საცხოვრებელი ბინები გადასცა. ამჟამად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სასამართლო წესით სადავოა მოქალაქე როლანდ ბლადაძისთვის ჩამორთმეული ქონება. მიუხედავად იმისა, რომ მერაბ ტურავას მიმართ დაგეგმილია ისეთი საცხოვრებელი ფართის გადაცემა, რომელიც არც ჩამორთმეულია და არც სადავო, მოქმედი კანონი ქონების საკუთრებაში გადაცემას არ ითვალისწინებს", - ამბობს კაიკაციშვილი.



არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, არ უნდა გავიმეოროთ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ის სტანდარტები და მიდგომები, როდესაც მოსამართლეების დამორჩილება ძვირადღირებული ქონებებით შეძლო.



ეს გახლდათ, მსოფლიოს მასშტაბით, არნახული ელიტური კორუფციის ფაქტი. შესაბამისად, წარმოუდგენელია, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი და შემდგომი მოსამართლეების მიმართ წინა ხელისუფლების სტანდარტი დავუშვათ - მათი სოციალური დაცვის გარანტიების სახელით, ლეგიტიმაცია გავუკეთოთ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მანკიერ მიდგომებსა და პრაქტიკას.  ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ საკითხის სრულფასოვანი შესწავლა მოხდება და მოსამართლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფისთვის, ხელისუფლება ახალი სტანდარტებით იხელმძღვანელებს", - განაცხადა კაიკაციშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner