დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ბაზრობის ორგანიზატორმა სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მისაღებად უნდა დააკმაყოფილოს სავალდებულო მოთხოვნები, რომლის შესრულებაც დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებებით, სპეციალური სავაჭრო ზონის მოწყობა ხდება ნებაყოფლობითი.
ამასთან, ბაზრობაზე მოვაჭრე პირებს მიენიჭება სპეციალური სტატუსი და შემუშავდება დაბეგვრის განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი.
პირი, რომელსაც მიენიჭება სტატუსი, კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად (დასაბეგრი შემოსავლის 20%), გადაიხდის ბრუნვის გადასახადს რეალიზებული საქონლის 3%-ის ოდენობით.
პირი, რომელიც გადაიხდის ბრუნვის გადასახადს, ფაქტიურად გათავისუფლდება ბუღალტერიის წარმოების ვალდებულებისაგან და არ ექნება გამოსაქვითი ხარჯების დადასტურების პრობლემა.
ბაზრობაზე მოვაჭრე ფიზიკური პირი უფლებამოსილი იქნება, უარი თქვას ბრუნვის 3-პროცენტიანი გადასახადით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენებაზე და ისარგებლოს საშემოსავლო გადასახადის ჩვეულებრივი დაბეგვრის რეჟიმით (დასაბეგრი შემოსავლის 20%).
2020 წლის 1 იანვრამდე გადავადდება ბაზრობაზე არასტაციონარული სავაჭრო ადგილის გამოყენებით ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირებისათვის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება.
„წარმოდგენილი ცვლილებები ხელს შეუწყობს აღნიშნული სექტორის განვითარებას, მისი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირებას, დაბეგვრის საკითხების მოწესრიგებას, მცირე ბიზნესის ხელშეწყობას", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.