„ტერორიზმის საქმის" პროკურორმა ირაკლი მარშანიამ სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ დასაბუთებული ვარაუდით, ბრალდებული ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანდა.
როგორც პროკურორმა განმარტა, სახელმწიფო ბრალდებას აქვს ყველა საფუძველი, რათა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვოს.
პროკურორი არ აკონკრეტებს, თუ რომელ ტერორისტულ ორგანიზაციასთან ჰქონდა კავშირი ბრალდებულს და ასევე, რა დანაშაული იგეგმებოდა დაჯგუფების მიერ. ამის მიზეზად ირაკლი მარშანია გამოძიების ინტერესებს ასახელებს.
„გამოძიების ამ ეტაპზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული გაერთიანდა ტერორისტულ ორგანიზაციაში. გარდა ამისა, მას ბრალი ედება იმაში, რომ ტერორისტული მიზნით შეიძინა, ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალას, ფეთქებად ნივთიერებებს. ამ ეტაპზე ჩვენ მოცემულ საქმეზე გვაქვს ყველა საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულს შეეფარდოს პატიმრობა", - განაცხადა ირაკლი მარშანიამ.