logo_geo
eng_logo
როგორ იღებდნენ ფილმს საქართველოს პირველ პრეზიდენტზე - უცნობი ფაქტები „ხიბულაზე“
- +

24 ნოემბერი. 2017. 14:54

 


რეჟისორ გიორგი ოვაშვილის „ხიბულა" ქართული პრემიერისთვის ემზადება. ეს არის ფილმი საქართველოს პირველ პრეზიდენტზე - ზვიად გამსახურდიაზე. რეჟისორის თქმით, სცენარს საფუძვლად დაედო 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყანაში განვითარებული რეალური ამბები. ზვიად გამსახურდია, რომელიც მოსახლეობამ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩია, მალევე, სამხედრო გადატრიალების შედეგად დევნილობაში აღმოჩნდა. პრეზიდენტი ძალაუფლების აღსადგენად დაბრუნდა, მაგრამ ვერაფერს გახდა და მცირერიცხოვან რაზმთან ერთად მთებს შეაფარა თავი. ფილმიც ამ ეპიზოდიდან იწყება...


სიუჟეტი ზვიად გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელ დღეებს მიჰყვება და პრეზიდენტს, მხარდამჭერებთან და მოწინააღმდეგეებთან ერთად, დასასრულისკენ მიაცილებს... გადაღებები 2016 წლის მარტსა და აპრილში მიმდინარეობდა საქართველოს სამ რეგიონში: რაჭაში (ამბროლაურის რაიონის სოფლები), იმერეთსა (საირმე) და სამცხე-ჯავახეთში (ცემი).


ფილმის პრემიერა მიმდინარე წლის ივლისში, კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. „ხიბულა" კოპროდუქციაა - პროექტში რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობდა.


AMBEBI.GE ფილმის რეჟისორს გიორგი ოვაშვილს ესაუბრა:

 

- მშობლიური ქვეყნის მიუვალ მთებში გახიზნული პრეზიდენტი ძალაუფლების დაბრუნებას ცდილობს, მაგრამ უხილავი მდევარი აიძულებს, თვითონ აირჩიოს გზა საკუთარი დასასრულისკენ... როდის გაჩნდა იდეა, გადაგეღოთ ფილმი საქართველოს პირველ პრეზიდენტზე?


- ეს თემა ჩემში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა... არა მგონია, რაც 1991 წელს მოხდა, ნებისმიერი პოზიციის მქონე ადამიანისთვის მტკივნეული არ ყოფილიყო... ის დრამატული ამბები დღესაც საინტერესოა, რადგანაც ჯერ კიდევ არ გვაქვს კითხვებზე პასუხები...


დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქვეყანამ აირჩია პრეზიდენტი, 9 თვეში გადატრიალება მოხდა, პრეზიდენტი გაიქცა თუ გააგდეს (ტერმინოლოგიაშიც ვერ ჩამოვყალიბდით, ყველას ჩვენი სუბიექტური აზრი გვაქვს - ზოგისთვის გადატრიალება იყო, ზოგისთვის - რევოლუცია, ქვეყნის გათავისუფლება და ა.შ.) ამ ფაქტიდან ორ-სამ თვეში ზვიად გამსახურდია დაიღუპა, თუ როგორ - ესეც არ ვიცით. ერთნი გვეუბნებიან, რომ თავი მოიკლა, მეორენი - თავი არ მოუკლავს... უამრავი სხვადასხვა აზრია, რეალური პასუხი არც აქ გვაქვს...


არ მეგონა, თუ ამ თემას ოდესმე ეკრანზე გადავიტანდი, მაგრამ ყველაფერი თანდათან მოვიდა... კონკრეტულად, 90-იანი წლების ბოლოს... მაგრამ განწყობა, როგორც ვთქვი, ყოველთვის მქონდა, ოღონდ, ამისთვის შესაფერის დროს ველოდებოდი. თან, ეს თემა ჩემში საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბებულიყო და ქვეყანაში ამაზე ეკრანიდან საუბარს აზრი უნდა ჰქონოდა. მუშაობა 2009-2010 წელს, „გაღმა ნაპირის" დასრულების შემდეგ დავიწყე...

 

- დრამატურგიას გულისხმობთ?


- დიახ, ეს უზარმაზარი სამუშაო იყო, რადგანაც ყველაფერი უნდა შეგვესწავლა. ჩვენ არ ვიყავით გამომძიებლები, საქმეს არ ვიძიებდით, მაგრამ კუთხე, რა კუთხითაც ეს თემა ჩემთვის საინტერესო იყო, ამაში ბოლომდე უნდა გავრკვეულიყავი. ამ ყველაფერმა ბევრი წელი წაიღო. 2010 წელს საქმეში ჩემი თანასცენარისტი, ჰოლანდიელი რულოვ იან მინებო ჩაერთო, რომელთან ერთადაც „სიმინდის კუნძულზე" ვიმუშავე. მერე რამდენჯერმე მონაწილეობა მივიღეთ ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და დაგვბლოკეს - კომისიის ზოგიერთი წევრი სცენარს 0 ქულას უწერდა, მივხვდი, რომ ამ თემას, რაც უნდა მომენდომებინა, არ გაუშვებდნენ... საბოლოოდ კი, რაღაცები ისე მოხდა, რომ გაგვიმართლა.

 

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?


- 2014 წელს „სიმინდის კუნძულის" გარკვეული წარმატების შემდეგ (ფილმი საქართველოს მიერ წარდგენილი იყო ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს ნომინაციაზე, უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში. - ავტ.) მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი და მივხვდი, რომ უკვე დრო იყო, ამ თემაზე ლაპარაკი წამომეწყო. დიდი მადლობელი ვარ მისი, თავიდან ბოლომდე მომისმინა და გაიგო, რაზეც ვესაუბრებოდი, რომ ეს იყო თემა, რომელიც მგონია, რომ დღეს ჩვენს ერს სჭირდება. ქვეყანამ ამ მთავარ კითხვას პასუხი უნდა გასცეს იმისთვის, რომ მისი წინსვლა-განვითარება არ შეფერხდეს! არ მაქვს ამბიცია, რომ ფილმი კითხვებზე პასუხებს გაცემს. როგორც რეჟისორს, პასუხები ან საიდან უნდა მქონდეს?!


- უცნაურია, გყავდათ უცხოელი თანაპროდიუსერები, გქონდათ ფილმისთვის უცხოური ფული, მაგრამ საკუთარი ქვეყანა მხარს არ გიჭერდათ...


- ამის გამო იმ პერიოდში პარტნიორებმა მითხრეს, სხვა ქვეყანაში გადამეღო, მაგრამ ჩემს აზრზე ბოლომდე დავრჩი, - ფილმი საქართველოში უნდა გადავიღო-მეთქი... ღარიბაშვილის შემდეგ მხარი კულტურის სამინიტრომ, მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დაგვიჭირა, სამინისტრო საქმეში აქტიურად ჩაერთო... პროექტში საქართველოს წილი ჯამურად 25%-ია და მნიშვნელოვანი ის იყო, რომ თანადგომა ჩვენს ქვეყანას დაეჭირა... კი, სირთულეების გადალახვა მომიხდა, მაგრამ დასახულ მიზანს ბოლომდე მივყევი...


- რამდენი იყო ფილმის ბიუჯეტი?


- მილიონ-ნახევარი ევრო, აქედან, როგორც ვთქვი, 25% საქართველოს წილია, დაახლოებით იგივე რაოდენობა - გერმანიის, ოდნავ ნაკლები - ფრანგული ფულია, არის გერმანულ-ფრანგული არხის „ცდფ არტ" - ეს ფინანსები და ევროპის კინოს მხარდამჭერი ფონდიც დაგვეხმარა. მიუხედავად ამისა, მიხარია, რომ ფილმი ქართულ პროდუქტად იწოდება.

 

- როგორი იყო თავად გადაღების პროცესი?


- საკმაოდ რთული, რადგანაც მოქმედება გზაში ხდება, რაც გადაღებისას ლოკაციების მუდმივ ცვლას მოითხოვდა - ზამთარი, თოვლი, მთები, ტყეები, მდინარეები, ექსტრემალური სიტუაციები და ამხელა ჯგუფის ყოველდღე სხვადასხვა ლოკაციაზე მობილიზება; სულ 45 გადაღება-დღეში დავასრულეთ, ამასთან, შაბათ-კვირაც და ექსპედიციაში 2 თვე დავყავით.


- ფილმის მთავარ პერსონაჟს, პრეზიდენტის როლის შემსრულებელს დიდხანს ეძებდით. რატომ შეარჩიეთ მაინცდამაინც ირანელი მსახიობი?


- ამ მიმართულებით ბევრი კითხვა ისმის - რატომ თამაშობს ირანელი მსახიობი პრეზიდენტის როლს? ჩემი ამოცანა არ იყო, მაინცდამაინც უცხოელი მსახიობი მომეძებნა. მინდოდა, ეს როლი ქართველს ეთამაშა, ამას ემოციური დატვირთვაც ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მის ძებნაში დიდი დრო და ენერგია დავხარჯე, სამწუხაროდ, აქ ვერ ვიპოვე... მნიშვნელობა ჰქონდა ხასიათს და ამ მსახიობში ყველაზე მეტად ეს დავინახე, ანუ რისი მოტანა შეეძლო... რა თქმა უნდა, იდეალური არაფერია და ვერ ვიტყვი, რომ ზუსტად ის შეძლო, რაც წარმომედგინა, მაგრამ ხომ ვამბობ, ქართველი მსახიობი ვერ ვნახე (არავის ვაკნინებ)...

 

- მაინცდამაინც ხასიათზე რატომ აკეთებდით ასეთ აქცენტს?


- იმიტომ, რომ თავად პერსონაჟი საკუთარ დასასრულზე აკეთებს არჩევანს, ამისკენ შეგნებულად მიდის. არ ვამბობ, რომ თავი მოიკლა, ან მოკლეს, - არც ერთი ვიცი, მაგრამ მან ზუსტად იცოდა, სად მიდიოდა, როდესაც იმ მცირე ჯგუფთან ერთად დარჩა...


„ხიბულა" ჩემთვის ადამიანის ისტორიაა, რომელიც იყო ლიდერი, ერმა კერპად აქცია და მერე თვითონვე გაანადგურა, - ამიტომ, საინტერესოა, რა მოხდა შემდეგ მასში...

 

- ჰოსეინ მაჰჯუბზე რას გვეტყვით?


- მანამდე გეტყვით, რომ მსახიობს არა მარტო საქართველოში, ბევრ ქვეყანაში ვეძებდი და თავდაპირველად ირანელი მსახიობი - ერსადი აღმოვაჩინე (ირანული კინოს საეტაპო ფილმის „ალუბლის გემო" გმირი, რომელმაც „ოქროს პალმის რტო" მიიღო). მასთან მოლაპარაკებები შედგა, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ჩვენთან თანამშრომლობა ვეღარ შეძლო... ფორსმაჟორში აღმოვჩნდი, ხელახალი ძებნა დავიწყე, მთელი მსოფლიო (ევროპა, ამერიკა) გადავატრიალე. მერე ნიუ-იორკში, 2000 წელს ლინკოლნ-ცენტრში ნანახი ირანელი რეჟისორის მაჯიდ მაჯიდის ფილმი „სამოთხის ფერები" გამახსენდა, რომელმაც მაშინ შემძრა... ჰოსეინს იქ მთავარი როლი აქვს. მოკლედ, ისიც მოვძებნე, შევხვდი, ვესაუბრე და შევთანხმდით...


- ენობრივი ბარიერი მუშაობისას არ გქონდათ?


- ენობრივი ბარიერი იყო - თარჯიმნის გამო, რთულდებოდა ამოცანების ზუსტი გადაცემა. მით უფრო, რომ რეჟისორები და მსახიობები ხედვაში ხშირად აცდენილები ვართ, რადგან მსახიობს პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, როლი ყოველთვის თავისებურად წარმოუდგენია. მე ისინი კონკრეტული ჩარჩოებისკენ მიმყავს...

 

- კარგად იცოდა ირანელმა მსახიობმა, ვის ასახიერებდა?


- სასიამოვნოდ გამაოცა, უამრავ მასალას იყო გაცნობილი, ყველაფერი კარგად იცოდა, ზოგჯერ ჩვენზე მეტიც. საკმაოდ მოაზროვნე კაცია, მშვენივრად ჰყავდა პერსონაჟი შესწავლილი, ამბები, მისი მისია, საქართველოს ისტორიის ეპიზოდები და იცოდა, რამხელა პასუხისმგებლობა ჰქონდა. ინტერვიუებში ისეთ დეტალებს ჰყვებოდა, მაკვირვებდა...

 

- მიუხედავად იმისა, რომ „ხიბულა" საქართველოს პირველ პრეზიდენტზეა, მისი სახელი და გვარი ფილმში ერთხელაც არ ისმის. რატომ?


- არ იყო ჩემი მიზანი, გადამეღო ფილმი ზვიად გამსახურდიაზე, ვიმეორებ, ეს რეალურ მოვლენებზე შექმნილი ამბავია, სათქმელია, რომელიც მაწუხებდა და მინდოდა, მეთქვა... მიუხედავად იმისა, რომ ზვიად გამსახურდიას სახელი და გვარი არც ერთხელ არ ისმის, ფილმი პირველ პრეზიდენტზეა. ტიტრებში ვამბობთ კიდეც, რომ ამ სოფელში ამა და ამ დღეს გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.

 

- საერთოდ როგორია თქვენი დამოკიდებულება ზვიად გამსახურდიას პერსონის მიმართ?


- არასდროს ვყოფილვარ და დღემდე არ ვარ ვინმეს მხარე, ჯერ ერთი, საკუთარ თავს არასდროს ვაძლევდი ამის უფლებას. მე ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოს მხარეს ვარ! მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც ასე ვთვლი, რომ ქვეყნის წინაშე ჩადენილია უზარმაზარი დანაშაული. არ ვარ იმის მსაჯული, რომელმა მეტად დააშავა და რომელმა - ნაკლებად, მაინტერესებს, გავიგო, რა მოხდა.


როდესაც ვლაპარაკობ ადამიანის ისტორიულ მისიაზე, ამ ადამიანმა შეასრულა თავისი მისია, მისი პრეზიდენტობის დროს ქვეყანა გახდა დამოუკიდებელი. მგონი, გამსახურდიას მისიაც ეს იყო, საქართველო მის ხელში დამოუკიდებელი გამხდარიყო... ყველაფერი მომავალში შეფასდება!


- რა გეგმები გაქვთ ფილმის საფესტივალო მიმართულებით?


- კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე უკვე იყო. მთავარ კონკურსში მონაწილეობდა. ეს იყო მისი მსოფლიო პრემიერა. საფესტივალო მიმართულებით დატვირთული გრაფიკი აქვს: მინსკი, გერმანია, სამხრეთ ამერიკა, ბუენოს-აირესი, სან-პაულო - სია ვრცელია.


ქართული პრემიერისთვისაც ვემზადებით - 20 ოქტომბერს პრესკონფერენციას გავმართავთ, 21 ნოემბერს „ამირანში" დახურული საპრემიერო ჩვენება იქნება. 23-დან კინოეკრანებზე გამოვა. ფილმი იმდენ ხანს დარჩება კინოთეატრებში, რამდენ ხანსაც მაყურებელი გადაწყვეტს.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner