logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: ვულოცავ დავით სოკოლოვს დაბადების დღეს!
- +

24 ნოემბერი. 2017. 15:07



ჟურნალისტი ირაკლი შონია დავით სოკოლოვთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ხვალ ბატონ დავითს 81 წელი უსრულდება! ვულოცავ დაბადების დღეს! უპირველესად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. დაეძლიოს ყველა სირთულე და პრობლემა და იმის იმედი მუდამ ჰქონოდეს, რომ საქართველო აუცილებლად გაშინდისფრდება და სამართლიანობა აუცილებლად აღდგება!

 

პირველად, სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც ბატონ დავითს გადავეყარე ტელევიზიის შენობაში, წერილი მქონდა მიტანილი, რათა გაეშვათ ფილმი „ბაში-აჩუკი"...მერე უფრო ხშირად ვხედავდი, როდესაც ტელევიზია ბლოკირებულ იქნა „მეხუთე კოლონის" მიერ და უღალატო ჟურნალისტებმა აირჩიეს ეროვნული ხელისუფლების გვერდზე ყოფნა, ტელევიზიის სტუდია მთავრობის სასახლეში გაიხსნა. ერთ-ერთი ფანჯრიდან ვიხედებოდი, მთავრობის სასახლის შიდა ეზოს მრავალსაფეხურიან კიბეზე ჩამოდიოდა ბატონი დავითი პატარა ბიჭივით, სწრაფ ტემპში, პირდაპირი სატელევიზიო ეთერი მოძრავი სადგურიდან გადიოდა... შემდგომ იყო ოქტომბრის მღელვარე დღეები, ნოემბერიც არანაკლებ დაძაბული, და აი, დეკემბერს ნომენკლატურის შეიარაღებული შტურმი მთავრობის სასახლეში... ჰაუბიცების გამაყრუებელი ხმის ფონზე დავით სოკოლოვი მოუწოდებდა მოსახლეობას, დაეცვათ კანონიერი ხელისუფლება, ტყვიები პირდაპირ სტუდიაში შემოდიოდა, დაბომბვის შემდგომ ტელევიზია გაითიშა... ამ შემზარავი დღეების შემდეგ ომის ქარცეცხლმა სამეგრელოში გადაინაცვლა და აი, ზუგდიდში, ტელევიზია „ოდიშში", კვლავ თავის საქმიანობას დაუბრუნდა ბატონი დავითი, სამეგრელოს „ვატერლოოს" შემდეგ რკინის ფარდა ჩამოაფარეს ტელევიზიას, თუმცა ბრძოლა გრძელდებოდა... 1997 წლის 26 მაისს, ფილარმონიასთან, „მრგვალი მაგიდის" დანიშნული მიტინგი სასტიკად დაარბია შევარდნაძის სისხლიანმა რეჟიმმა, დავით სოკოლოვი ზუსტად ჩემს წინ იდგა, 51-ე სკოლასთან, სადაც დააპატიმრეს ნიღბიანმა დამრბევებმა... მოკლედ, გასახსენებელი ბევრია... როდესაც „ობიექტივის" ეთერში მივიწვიე ბატონი დავითი, ძალიან ვნერვიულობდი, რათა ამხელა გამოცდილების და სატელევიზიო სტაჟის მქონე კაცთან „არ ჩავჭრილიყავი". გადაცემამდე ვისაუბრეთ და ყველანაირი დაძაბულობა მომეხსნა, იმდენად კომუნიკაბელური იყო, უშუალო და უბრალო... ასეც უნდა იყოს პროფესიონალი ჟურნალისტი!

 

ახლა საავადმყოფოშია, კარში გაცილების დროს შევხედეთ, როგორ ტრიალებენ ექიმები და მედპერსონალი კლინიკაში და ვუთხარი, რომ მომკლა, ვერასოდეს გამოვიდოდი ექიმი-მეთქი, აბა რა, ჩვენი პროფესია ჯობიაო, მიპასუხა. ცხადია ასეა!

 

ვისურვებდი, მე და ბატონი დავითი კვლავ ერთად დავმსხდარიყავით სატელევიზიო სტუდიაში!" - წერს შონია.







 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner