საპარლამენტო არჩევნების თარიღი ცნობილია. არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. თარიღის განკარგულების გამოცემასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის გარკვეული გაუგებრობა წარმოიშვა. ამ თემასთან დაკავშირებით გაზეთი „კვირის პალიტრა" ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
„პრემიერსა და პრეზიდენტს შორის ამგვარი იწილო-ბიწილო უკვე მომაბეზრებელია და ყოველგვარ ზღვარს სცილდება", - ამბობს მამუკა არეშიძე.
მამუკა არეშიძის აზრით, ძნელია, ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთა, თუ ვინ არის დამნაშავე.
„ფაქტია, რომ ერთ მხარეს პრეზიდენტი დგას, მეორე მხარეს კი - სამი სხვადასხვა ადამიანი. თუ პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა, უნდა აღიაროს კიდეც, სიჯიუტე დაძაბულ ვითარებას ქმნის და მხოლოდ ქვეყანას დააზარალებს", - განაცხადა არეშიძემ.
ექსპერტის აზრით, საზოგადოების ნაწილი გიორგი მარგველაშვილის მიმართ აგრესიულადაც არის განწყობილი, რადგან ვერცერთ პრემიერთან ვერ მოახერხა ურთიერთობის დალაგება.