logo_geo
eng_logo
პროკურორი განმარტავს, რატომ დაიხურა ტერორიზმში ბრალდებულის პროცესი
- +

24 ნოემბერი. 2017. 17:19



პროკურორ ირაკლი მარშანიას განცხადებით, ტერორიზმში ბრალდებული რუსეთის მოქალაქის სასამართლო პროცესი, ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე პირთა უსაფრთხოების მიზნით დაიხურა.

 

„დღევანდელი სხდომა მოსამართლის გადაწყვეტილებით დაიხურა, რათა დაცულიყო იმ პირთა უსაფრთხოება, ვინც მონაწილეობდა ანტიტერორისტულ ღონისძიებაში. მოცემულ ანტიტერორისტულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. ამ პირთა ვინაობა რომ არ გაჟღერებულიყო და დაცულიყო მათი უსაფრთხოება, დაიხურა ეს პროცესი. ასევე, რა თქმა უნდა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა მარშანიამ.


პროკურორმა განმარტა, რომ საქმეზე ჩატარებული და მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციაზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს.

 

„საქმეზე მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს. გასაგებია, რომ საზოგადოების მხრიდან არის დიდი ინტერესი, მაგრამ გასათვალისწინებელია ასევე მოცემულ შემთხვევაში გამოძიების ინტერესებიც. გამოძიების ამ ეტაპზე მე ვერ დავასახელებ, თუ რომელ ტერორისტულ ორგანიზაციას მიეკუთვნება ეს პიროვნება. რაც შეეხება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, შინაარსობრივად ეს ღონისძიებები არის საიდუმლო, შესაბამისად ამ ინფორმაციაზე მე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა პროკურორმა.


მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სპეცოპერაციისას გარდაცვლილთა ვინაობის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ არ მომხდარა, შესაბამისად, ის ვერ ისაუბრებს გარდაცვლილთა ვინაობაზე და წარმომავლობაზე.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner