აკადემიურ წრეებთან კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვა დასრულდა. მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ცვლილებების პროექტი წარადგინა, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
პარლამენტში კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით 20-მდე კითხვა დაისვა. აკადემიური წრეების წარმომადგენლებს ძირითადად აინტერესებდათ უზენაეს კანონში ის ჩანაწერი, რომელიც უკავშირდება ეკონომიკას. საუბარია 94-ე მუხლზე, რომელიც ეხება გადასახადების ზრდას. ასევე საუბარია მიწის კანონთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებას და ასევე სხდომათა დარბაზში კითხვები დაისვა ქორწინების დეფინიციაზეც.
სხდომათა დარბაზში დაინტერესდნენ, თუ რით არის მოტივირებული ის ფაქტი, რომ ანაკლიის ეკონომიკური ზონა კონსტიტუციაში ცალკეა მოხსენიებული.
„დაგეგმილია ძალიან მასშტაბური პროექტის განხორციელება ანაკლიაში. საუბარია ახალი პორტის მშენებლობაზე და საუბარია ძალიან დიდი მოცულობის ინვესტიციაზე. სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე, მთავრობის თხოვნა და რეკომენდაცია იყო, რომ ჩვენ ცალკე მოგვეხსენებინა ანაკლიის თავისუფალი ეკონომიკური ზონა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს შემდეგი ინიციატივით მიმართა:
„ეს ხომ არ არის მარტო ეკონომიკური სარგებელი და ის, რომ დიდი რაოდენობით ინვესტიცია იდება. რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ როგორც ვხედავ, ეს არის სამშვიდობო პროცესი, რომელიც უნდა მოემსახუროს მთლიანობაში რეინტეგრაციის პროცესს. იქნება გაგვეწერა, რომ ორგანული კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ, ადმინისტრაციული საზღვრისპირა რეგიონში იქმნება განსაკუთრებული სამშვიდობო-ეკონომიკური ზონა", - განაცხადა ხონელიძემ.
აღნიშნულ მოსაზრებას პარლამენტის თავმჯდომარემ შემდეგნაირად უპასუხა:
„ამ საკითხის პირდაპირ დაკავშირება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან გარკვეული რისკების შემცველი შეიძლება იყოს. უმჯობესია, რომ ეკონომიკური სახით იყოს გაწერილი ეს ყველაფერი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აკადემიურ წრეებთან კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვის შემდეგ ზურაბ ხონელიძემ მის მიერ წამოყენებულ ინიციატივაზე „რეპორტიორთან" ისაუბრა:
„მე შევთავაზე, რომ ორგანული კანონით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ, ადმინისტრაციულ საზღვრისპირა რეგიონში იქმნება განსაკუთრებული, სამშვიდობო-ეკონომიკური (ანაკლიის სახით) და საგანმანათლებლო, აკადემიური საუნივერსიტეტო სამშვიდობო ზონები, რომელთა მიმართებაშიც უნდა ამოქმედდეს და გავრცელდეს განსაკუთრებული ხელშეწყობის რეჟიმი.
ანაკლიის შერჩევას ბევრმა პირობამ შეუწყო ხელი. მოგება მარტო ეკონომიკური არ არის, ეს სიკეთე მთლიანობაში მოხმარდება ქართულ სახელმწიფოს და რეინტეგრაციის პროცესს - აფხაზეთის რეინტეგრირებას ქართულ სივრცეში. ეს არის სამშვიდობო-ეკონომიკური პროცესი.
მეორე მხრივ, არსებობს არანაკლებ მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც ასევე სამშვიდობოა და მოხმარდება რეინტეგრაციის პროცესს ქართულ სივრცეში, რომელსაც დღემდე არ ვიყენებთ, უფრო მეტიც, ვამუშავებთ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის საგანმანათლებლო-აკადემიური და საუნივერსიტეტო პოტენციალი. მინდა ამ პოტენციალის სამშვიდობო პროცესში ჩართვა და ამ მიზნით, ჩვენმა უნივერსიტეტმა გავაჟღერეთ კიდეც ერთი ინიციატივა, ინოვაციური მიდგომა საუნივერსიტეტო დიპლომატიის შესახებ - ახალი სამშვიდობო ფორმატი, ახალი სამშვიდობო ენა და ა.შ. ვფიქრობ, უფრო მკვეთრად უნდა დაფიქსირეს სახელმწიფოს ხედვა და დამოკიდებულება პრობლემისადმი და მისი გადაჭრის მექანიზმებისადმი. სამწუხაროდ, ისეთი განმარტება იყო, რომ ეს არის წმინდა ეკონომიკური პროექტი, მას სხვა დატვირთვა აქვს. ანაკლია ჩვენი მიზანი კი არ არის, არამედ არის საშუალება. სიკეთე, რომელსაც ანაკლია მოიტანს, ქვეყანას მოხმარდება. რატომ ანაკლია, განვაზოგადოთ, მითუმეტეს, რომ ხდება ამის კონსტიტუციაში ჩაწერა. ვთქვათ - ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ, ან საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრისპირა რეგიონები, და დავარქვათ სამშვიდობო-ეკონომიკური. განსაკუთრებით ეკონომიკური არ არის ეს პროექტი, განსაკუთრებული სამშვიდობო-ეკონომიკურია - ამას სულ სხვა დატვირთვა აქვს", - აღნიშნა ზურაბ ხონელიძემ.